წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი სავარაუდოდ, შემცირდება – მარიამ ჩახვაშვილი (bm.ge)
ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ელის, რომ წელს შესაძლოა, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდეს.
როგორც Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა BMG-ის განუცხადა, საქართველოს მთავარ საექსპორტო ქვეყანაში, თურქეთში ელექტროენერგიაზე ფასები შემცირებულია. მარიამ ჩახვაშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული გენერაციის ობიექტებისთვის შესაძლოა, წელს ელექტროენერგიის ექსპორტი ნაკლებად საინტერესო იყოს.
მეორე ფაქტორად Galt&Taggart-ში ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მიერ ელექტროენერგიის შემცირებულ გამომუშავებას და არახელსაყრელ ჰიდროლოგიას ასახელებენ. მარიამ ჩახვაშვილის შეფასებით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით წელს ზაფხულის თვეებში საქართველოს სავარაუდოდ, გასულ წლებთან შედარებით უფრო ნაკლები ჭარბი ელექტროენერგია ექნება.
„თურქეთში ელექტროენერგიის ფასები 6-6.5 ცენტამდეა ჩამოსული, რაც მოსალოდნელიც იყო. იმ პიკმა, რაც 2023 წელს იყო, როდესაც რეკორდულად მაღალი ექსპორტი გვქონდა, გადაიარა. ენერგეტიკულმა კრიზისმა ევროპის მასშტაბით გადაიარა და შესაბამისად, თურქეთშიც ფასები დასტაბილურდა. თუ სისტემაში ელექტროენერგიის სიჭარბე იქნება, გავიტანთ ექსპორტზე, თუ არა ადგილობრივ ბაზარზეც დაახლოებით იგივე ფასს ველოდებით. ამიტომ ექსპორტის დამატებითი გადასახადების გათვალისწინებით, ინვესტორებს იმხელა ინტერესი, როგორც ეს ორი წლის წინ იყო, შესაძლოა, ექსპორტის მიმართ აღარ ჰქონდეთ. შესაბამისად, მოლოდინია, რომ წელს ან იგივე მოცულობით ელექტროენერგიის ექსპორტი გვექნება ან კლება იქნება.
ერთი მხრივ, ეს თურქეთის ფასით იქნება გამოწვეული, მეორე მხრივ კი ჰიდროლოგიურად ისეთი კარგი წელი არ ჩანს, როგორიც შარშან იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემაში სიჭარბე უფრო ნაკლები იქნება. ალბათ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი შემცირებული იქნება შარშანდელთან შედარებით, მით უფრო 2023 წელთან შედარებით, როდესაც რეკორდული მაჩვენებლები გვქონდა“, – განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.
ცნობისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა. სამ თვეში გენერაციის ობიექტებმა ჯამურად 2,809 გვტ. საათის ელექტროენერგია აწარმოეს, რაც წლიურად 15.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ამასთან, 2024 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1 047.4 მლნ კვტსთ მოცულობის ელექტროენერგია გავიდა, რაც 28.7%-ით შემცირებული მაჩვენებელი იყო. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები კი გასულ წელს 49 მლნ დოლარამდე, 48.6%-ით იყო შემცირებული.
bm.ge
