„წელს დაუსრულებელმა წვიმებმა სატაცურის მოსავალი დააზიანა“ – რა ღირს ბაზარზე 1 კგ სატაცური

საქართველოში სატაცურის სეზონი დასასრულს უახლოვდება. როგორი იყო წელს მოსავალი და რა ღირს ბაზარზე ქართული სატაცური – კომერსანტი თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა. როგორც „კომერსანტს“ კოოპერატივი „ოზაანის“ გამგეობის თავმჯდომარემ ჯაბა გიგოლაშვილმა უთხრა, წელს უამინდობამ სატაცურის მოსავალზე ცუდად იმოქმედა, თუმცა კონკრეტულად „ოზაანის“ შემთხვევაში წარმოება გაზრდილია, რადგან პლანტაციების ფართობი გაიზარდა.
„სატაცურის მიმართ მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, მოსავლიანობას რაც შეეხება აპრილის შემდეგ გადაუღებელმა წვიმებმა ცუდად იმოქმედა, ჩემი პლანტაციებიც დაისეტყვა, მაგრამ ახალი ფართობების ხარჯზე მოსავალი მაინც გაზრდილი მაქვს.
რაც შეეხება ფასს, 1 კგ სატაცურის საბითუმო ფასი 10-13 ლარია, თუმცა მარკეტებში 15-17 ლარიც ღირს, სტაბილურად იგივეა, რაც შარშან იყო,“ – აღნიშნა ჯაბა გიგოლაშვილმა.
გიგოლაშვილმა „კომერსანტთან“ ქართული სატაცურის იმპორტირებულთან კონკურენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში იმდენად ცოტა სატაცური შემოდის, რომ მათი შედარებაც არ შეიძლება.
„საქართველოში იმპორტით ძალიან ცოტა რაოდენობის სატაცური შემოდის, ისიც მაშინ, როდესაც ჩვენთან სეზონი არ არის და ადგილობრივი არ გვაქვს. რაც შეეხება ექსპორტს, შესაძლებლობა მაქვს, რომ გარკვეული პარტიები არაბეთს და რუსეთს მივაწოდო, თუმცა რაოდენობიდან გამომდინარე ამის სტაბილურად უზრუნველყოფა არ შემიძლია. მათ რა მოთხოვნაც აქვთ იმხელა წარმოება არ მაქვს.“ – აღნიშნა ჯაბა გიგოლაშვილმა.
გიგოლაშვილის თქმით, წელს „ოზაანის“ წარმადობამ 8-9 ტონა შეადგინა.
კომპანია „ქართული სატაცურის“ წარმომადგენელი თინა წამალაიძე აცხადებს, რომ წლევანდელი წელი ძალიან ცუდი იყო სატაცურისთვის, გაუთავებელმა წვიმებმა მოსავალი გააფუჭა და შესაბამისად ფასიც დაეცა, მისი თქმით სატაცურის ფასმა კილოზე 10 ლარი შეადგინა.
„შეიძლება ითქვას, რომ სატაცური უკვე აღარ არის, ისედაც მოკლე პერიოდი აქვს, მხოლოდ 2-3 თვეა. ახლა 1 კგ ათი ლარი ღირს, ჩვენ სატაცურს ძირითადად ვაბარებთ „გუდვილში“, „აგროჰაბში“, „კარფურში“ და რამდენიმე რესტორანს და კაფეს მიაქვს. შეიძლება ითქვას, რომ პროდუქტის მიმართ დაინტერესება მაღალია, თუმცა მოსავალი და რაოდენობა შემცირებული, ასევე გაიზარდა კონკურენციაც, ბევრმა გააშენა და ფასმაც დაიწია.