„გოცირიძის მეღვინეობა“ ასორტიმენტს აფართოებს. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ ისაუბრა.
მეღვინეს თქმით, კომპანია ამჟამად ოთხი სახის ღვინოს აწარმოებს. ესენია: რქაწითელი, საფერავი, ვარდისფერი საფერავი და ფრანგული კაბერნე სოვინიონი. წელს კი, ასორტიმენტს ორი სახის ქართული ღვინის ჯიში, მუსკატური რქაწითელი და ვარდისფერი რქაწითელი ემატება.
„შარშან კარგი მოსავალი იყო, 2023 წლისგან განსხვავებით. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ წელს ახალ ქართულ ჯიშებს გამოვუშვებთ. გვაქვს ფრანგული კაბერნე სოვინიონი, რომელსაც კახური ტექნოლოგიით ქვევრში ვავარგებთ, რაც სიახლეა. ამ ღვინოებს ძირითადად ღვინის სპეციალიზებულ მარკეტებსა და ბუტიკებში ვყიდით. ჩვენი ღვინოების ფასი 35-45 ლარამდეა“, – ამბობს გოცირიძე.
მეღვინე ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ეფექტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ სექტორმაც დიდი დარტყმა მიიღო, ვინაიდან მაღაზიები, სადაც მათი ღვინო იყიდება, ძირითადად თბილისის ცენტრალურ რაიონებში მდებარეობს. ესენია: სოლოლაკი, მთაწმინდა და რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიები. შესაბამისად, გოცირიძის თქმით, შექმნილ ვითარებაში, ტურისტული ნაკადი რომც იყოს, ისინი ამ ადგილებს მოერიდებოდნენ.
ინფორმაციისთვის, “გოცირიძის მეღვინეობა” ძმების, აკაკი და ანდრო გოცირიძეების საოჯახო მეურნეობაა. მეღვინეობა 2018 წლიდან ფუნქციონირებს და თელავის რაიონის სოფელ ართანაში 3 ჰა ვენახს და წინანდალში 2 ჰა ვენახს ფლობს. ღვინო მზადდება მხოლოდ ბიო პრეპარატების გამოყენებით, ტრადიციული კახური წესით ქვევრში. წელიწადში წარმოებული ღვინის რაოდენობა 5000-მდე ბოთლია. საწარმოს მოსაწყობად, მეღვინეობამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 20 000 ლარის ღირებულების საწარმოო დანადგარები მიიღო. საწარმოს სრულად მოსაწყობად, 80 000 ლარამდე ინვესტიციაა განხორციელებული..
