„წელს აჭარაში ორი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ“ – “იბერკომპანი ჰოლდინგი”

“იბერკომპანი ჰოლდინგი” გონიოში საინვესტიციო პროექტის დაწყებას აანონსებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან დიასამიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ინვესტიციის მოცულობა $25-27 მლნ იქნება.
ჰოლდინგს უძრავი ქონების მიმართულებით განვითარებისა და გაფართოების დიდი გეგმები აქვს, რაც პროექტების განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიაზრებს.
“ამ ეტაპზე ახალ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს გონიოში, პროექტი ჰორიზონტალური დეველოპმენტის ფაზაშია. ანონსი დაგეგმილია 2025 წლის სექტემბერში. საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 25-27 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მშენებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა 2-3 წელი იქნება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მაღალ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა, მათ შორის – საცხოვრებელი ერთეულების ავტომატიზაცია და ენერგოეფექტურობის მაქსიმალური უზრუნველყოფა.
მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია კომპანიის მონაწილეობა კიდევ ერთ მასშტაბურ დეველოპერულ პროექტში, რომელიც ბათუმში, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით განხორციელდება. პროექტი ორი ფაზისგან შედგება, რომელთაგან პირველის დაწყება ზაფხულის პერიოდშია დაგეგმილი. პირველ ფაზაში საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 60 მილიონ აშშ დოლარია, ხოლო დასრულება გათვალისწინებულია ოთხწლიან პერიოდში. პროექტის სხვა დეტალები აღნიშნული ფაზის ოფიციალურ პრეზენტაციაზე გასაჯაროვდება.
აჭარის ბაზარს ფრთხილად ვუდგებით, რადგან საკმაოდ დიდი მიწოდებაა, ამიტომ გამორჩეული პროექტით შევალთ, რითაც საბოლოო ჯამში მომხმარებელიც იგებს“, – განაცხადა დიასამიძემ.
„ფიგურები დეველოპმენტი“ ქართულ დეველოპერულ ბაზარზე 2024 წლის დასაწყისში გამოჩნდა, თუმცა მოკლე დროის მიუხედავად საკმაოდ სწრაფად ვითარდება და ბაზარს განსხვავებულ კონცეფციას სთავაზობს, რაც ფუნქციური საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნებს ემსახურება.
მათი პირველი პროექტი პოლიტკოვსკაიას 46 ნომერში შენდება რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.
„პოლიტკოვსკაიას 46 ნომერში მდებარე პირველი ფლაგმანი პროექტის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამჟამად დასასრულ ეტაპზეა. სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია, ახლა საფასადე, ლესვის სამუშაოები მიმდინარეობს და წლის ბოლოს პროექტს მობინადრეებს ჩავაბარებთ. რაც შეეხება კონცეფციას, საკმაოდ ბევრი საზიარო სივრცეები გვაქვს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დაბადების დღის აღნიშვნა, ვარჯიში, მუშაობა და სხვა.
ჩვენ ამ პროექტზე არქიტექტურულ კომპანია „ტასჰაბთან“ ერთად ვიმუშავეთ. მათი როლი საკმაოდ დიდია, რადგან ბიუროკრატიის მხრივ პროექტის განხორციელებას ბევრი პროცესები ახლავს თან, სწორი პარტნიორის შერჩევას კი, რომელსაც ათასჯერ გაუვლია ეს გზა უმნიშვნელოვანესია.“ – განაცხადა ლევან დიასამიძემ.