წელის ტკივილი ადამიანთა 60 პროცენტს აწუხებს და ამის მიზეზი ძირითადად ხერხემლის გამრუდებებია

ადამიანის ხერხემალი 33 ძვლისგან შედგება, რომლებსაც მალებს უწოდებენ; ისინი ერთმანეთზეა დაწყობილი.
ასე აწყობილი სვეტი ხუთ სეგმენტად იყოფა: კისრის, გულმკერდის, წელის (მუცლის ღრუს დონეზე) და გავის (აერთებს მენჯთან). მეხუთე, კუდუსუნი მდებარეობს ხერხემლის სულ ძირში და დაზიანების შემთხვევაში, ძლიერ მტკივნეულია.
მალებს ერთმანეთთან მრავალი სახსარი აერთებს, მათ შორის დისკები, რომლებიც ხერხემალს მრავალი მიმართულებით მოძრაობის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ხერხემალი შეიძლება სწორი ჩანდეს, ის ბუნებრივად იხრება წინ და უკან, რათა შეასრულოს თავის ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია.
თუმცა, მრავალმა სხვადასხვა მდგომარეობამ ხერხემალი შეიძლება იმაზე მეტად გაამრუდოს, ვიდრე უნდა იყოს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ტკივილი, არამედ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც.
ხერხემალს სხეულის წონაც უჭირავს, იცავს ზურგის ტვინს და სხეულს მიხვრა-მოხვრასა და მობრუნებაში ეხმარება. გულმკერდის რეგიონი ნეკნებზეა მიბმული და ბუნებრივად იხრება უკანა მიმართულებით — ამ მრუდს გულმკერდის კიფიოზი ეწოდება.
თუმცა, ზოგჯერ, გულმკერდის კიფიოზის მრუდი უფრო გამოკვეთილი და ხილული ხდება; ხშირად ამის მიზეზია ოსტეოპოროზი (როცა ძვლები სუსტდება), ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ზურგის კუნთებსა და მალებში ან ხანგრძლივი ცუდი პოზა.