“მე რა ვიცი, ნიღბები შეიძლება თვითონ გადააცვეს… დარწმუნებული ვარ მაგათი გაკეთებულია, რა”. – ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ ჟურნალისტის კითხვას გადაცმული პირების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე თავდასხმის კადრების შესახებ.
“არ ვიცი ეგ თემა, არ მინახავს, რომ არ მოგატყუოთ. მაგრამ იქ რაც იყო გუშინ, მე როგორც ვიცი, პოლიცია არ მისულა, რადგან პოლიციის დანახვაზე ეს ადამიანები გიჟდებიან და უფრო აგრესიულები ხდებიან.
მე რა ვიცი, ნიღბები შეიძლება თვითონ გადააცვეს… დარწმუნებული ვარ მაგათი გაკეთებულია, რა. მაგენი ცდილობენ, აქციის მონაწილეების ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად დაძაბონ. ხელმძღვანელობენ ძველი წესებით, რომლებიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო, თავის ხალხს უშვებენ, რომ მეტად აწიონ თემა”. – თქვა წაქაძემ.
გუშინ, 2 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ცირკის მიმდებარედ თავს დაესხნენ. გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, ნაცემია რამდენიმე ადამიანი.
აქტივისტების თქმით, შავი ტოიოტა ქემრი ნომრით (JU188DO) ველოსიპედისტს მიზანმიმართულად დაეჯახა, მას შემდეგ, რაც ადგილზე მყოფები დაშავებულის დასახმარებლად მივიდნენ, მოძალადეები მანქანიდან გადმოვიდნენ და აქტივისტებს სცემეს, მათ შორის, კაცს, რომელიც აქციაზე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იყო.
