წარუმატებელ ეკონომიკაში არ არსებობს ბევრი წარმატებული ბიზნესი – ვახტანგ ლეჟავა

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი, ვახტანგ ლეჟავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის საფუძვლები მნიშვნელოვნად შერყეულია. მან ეკონომიკაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გავლენა BMG-სთან საუბრისას შეაფასა.
“ჩვენი ეკონომიკის ზრდის საფუძვლები მნიშვნელოვნად შერყეულია. ღია ეკონომიკა ვართ და ბოლო 20-25 წელი მისი ძირითადი მასაზრდოებელი იყო ურთიერთობა ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროსთან და ეს საფუძვლები მორყეულია. ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს ეკონომიკურ ისტორიას და ის დაგვანახვებს, რამდენად სერიოზული გამოწვევები შეიძლება გველოდეს წინ.
წარუმატებელ ეკონომიკაში ბევრი წარმატებული ბიზნესი არ არსებობს. ეკონომიკური წარმატება დგას ბიზნესის წარმატებაზე და პირიქით არ არსებობს. შეიძლება იყოს ხელისუფლებასთან დაახლოებული 2-3 კომპანია, მაგრამ იმის იქით ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმე განვითარების პერსპექტივას ხედავდეს”, – ამბობს ვახტანგ ლეჟავა.
რექტორმა BMG-სთან “თავისუფალი ბიზნესების” პლატფორმის კონფერენციის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, freebusiness-ის ხელმომწერთა მოთხოვნა ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას.
“ეს კომპანიები გაერთიანდნენ ორი მოთხოვნის გარშემო. უნდა მოხდეს პოლიტიკური სიტუაციას სტაბილიზაცია, რისთვისაც საჭიროა, რომ ტყვეები, რომლებიც პოლიტიკურ ნიშნით არიან დაკავებული, გათავისუფლდნენ და დაინიშნოს ახალი , რომლებიც აჩვენებს საზოგადოებას, როგორია განწყობები და საით მივდივართ”, – ამბობს ვახტანგ ლეჟავა.