წარმოუდგენელია, ჩარევა მიგვაჩნია შეუძლებლად – ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე

როგორც ტაბულას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით უთხრა, მისთვის უცნობია აღნიშნული ინფორმაციის საფუძველი და და მსგავსი ჩარევა საპატრიარქოსთვის წარმოუდგენელია.
“მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად. უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი”. – თქვა ჯაღმაიძემ.
რუსეთის დაზვერვის მტკიცებით, ბართლომეოსს საქართველოს ეკლესიაზე გავლენის მოპოვება სურს
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) ირწმუნება, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარს, ბართლომეოსს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა სურს. როგორც ყოველთვის, СВР-ი ცნობას დამადასტურებელი საბუთების გარეშე ავრცელებს.
როგორც СВР-ში ირწმუნებიან, ბართლომეოსს სურს საქართველოს პატრიარქის კანდიდატად დასახელდეს პიროვნება, რომელსაც ის დაეყრდნობა. СВР-ის მტკიცებით, ეს სასულიერო პირები არიან დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
СВР-ი კონსტანტინოპოლის პატრიარქს ძალაუფლების სიყვარულსა და მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩვაში ადანაშაულებს.
“ბართლომე საკუთარი ქმედებებით “თანასწორთა შორის პირველობას” კვლავ ცვლის “თანასწორთა შორის ძალაუფლებაზე”, მორიგი, მნივნელოვანი, ერთ-ერთი უძველესი, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევით. აშკარაა, რომ მან, როგორც უკრაინის, სერბეთისა და ბალტიის ქვეყნების შემთხვევებში, დაივიწყა მეორე მსოფლიო კრების მეორე წესი: “ეპისკოპოსი არ უნდა გავიდეს თავისი სამრევლო ეკლესიის ფარგლებიდან ხელდასხმისათვის”” – წერია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.