„წარმოუდგენელია ეკონომიკური ზრდა წლის ბოლოს 7%-ზე მეტი იყოს. ფაქტორები, რომლებმაც ბოლო წლებში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობეს, ნელ-ნელა სუსტდება“ – გოჩა ქარდავა
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი გოჩა ქარდავა ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7%-ზე მეტი არ იქნება. ეკონომისტი განმარტავს, რომ გასულ წლებში მაღალი ზრდის მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, თუმცა მათი გავლენა ნელ-ნელა სუსტდება. ზოგი ფაქტორი კი აღარ მოქმედებს.
,,ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2025 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდეს. 2024 წელი დაიწყო ძალიან კარგად და 24 წელსაც ვერ შევძელით, რომ სრულად ორნიშნა ყოფილიყო ზრდა. ის ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს წინა წელს და ასევე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, ყველა ასეთი ფაქტორი ნელ-ნელა სუსტდება, ზოგი კი უკვე მიილია. შესაბამისად, იმაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირება ვიდრე ეს გასულ წელს იყო თითქმის წარმოუდგენელია. არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება. წესით იქნება უფრო დაბალი ვიდრე გასულ წელს იყო. ზუსტად რამდენი იქნება ეს საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, გაურკვევლობა ეკონომიკაში და ზოგადი შოკი რამდენად სწრაფად და უმტკივნეულოდ მიილევა ეკონომიკისთვის. ამჟამინდელი პროგნოზით ვერ წარმომიდგენია, რომ ეკონომიკური ზრდა წლის ბოლოს 7%-ზე მეტი იყოს.’’- აცხადებს გოჩა ქარდავა.
წინა წლებში ეკონომიკის მაღალი ზრდა რამდენიმე ფაქტორმა უზრუნველყო. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი გოჩა ქარდავა განმარტავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მიგრანტების შემოსვლა იყო. ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დაბალმა ინფლაციამაც.
,,ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეს არის მიგრანტების შემოსვლით გამოწვეული ადგილობრივი მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ფაქტორიც ნელ-ნელა მცირდება. ამ ყველაფერს თან ერთვოდა ძალიან დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში რეალურ ზრდას მაღალს გვაძლევდა. წელს ვხედავთ, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია და წნეხი ინფლაციაზე იზრდება. ის ფაქტორები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა შედარებით მცირდება. ინფლაცია ნებისმიერ შემთხვევაში წელს უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო. 2024 წელს რამდენიმე ფაქტორი მოქმედებდა იმაზე, რომ ინფლაცია დარჩენილიყო დაბალ მაჩვენებელზე. წელს მოსალოდნელია, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მცირედით გადააჭარბოს, თუმცა ეს არ იქნება მნიშვნელოვანი გადაჭარბება. საუბარია დაახლოებით ინფლაციის 4%-მდე გაზრდაზე, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ კრიზისის გავლენაზე ეკონომიკაზე.’’- აცხადებს გოჩა ქარდავა.
