წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის მისი ვერსია დაამტკიცა

რესპუბლიკელებმა ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში ბიუჯეტის პროექტი მცირე უმრავლესობით დაამტკიცეს. სამშაბათ ღამით დამტკიცებული პროექტით მათ მხარი დაუჭირეს საგადასახადო შეღავათების გაფართოებას და ზოგიერთი სხვა ხარჯის შემცირებას.
“ჩვენ ბევრი სამუშაო გველოდება, მაგრამ ვაპირებთ შევასრულოთ “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგი”, – უთხრა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ჟურნალისტებს. “არა მხოლოდ მისი ნაწილები, არამედ სრულად, ეს ამ პროცესში პირველი ნაბიჯია”, – თქვა მან. ეს მას შემდეგ, რაც მანამდე ბიუჯეტის ამ პროექტისთვის საკმარისი ხმების მოგროვება ვერ შეძლო და ერთი კენჭისყრა გააუქმა. მის წინააღმდეგ ყველა დემოკრატმა და ერთმა რესპუბლიკელმა მისცა ხმა. ზოგიერთი რესპუბლიკელი ეწინააღმდეგებოდა 4.5 ტრილიონი დოლარის საგადასახადო შეღავათებს, რომელიც ნაწილობრივ სხვა ხარჯების შემცირებამ უნდა დაფაროს, ნაწილობრივ კი სავარაუდოდ გაზრდილმა ვალმა.
ჯონსონმა და სხვა რესპუბლიკელმა ლიდერებმა.თქვეს, რომ მათი მიზანი იყო ისეთი კანონპროექტის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო საზღვარს, ოჯახებისა და სამუშაო ადგილების შემქმნელებისთვის დაბალ გადასახადებს, აღადგენს ამერიკის ენერგოუპირატესობას, გააძლიერებს ამერიკის პოზიციებს მსოფლიო არენაზე და მთავრობა ყველა ამერიკელისთვის უფრო პროდუქტიულად იმუშავებს.
პალატის დემოკრატთა ლიდერი, ჰაკიმ ჯეფრისი ამბობს, რომ რესპუბლიკელები ისეთი პროგრამების დაფინანსების შეწყვეტას აპირებენ, როგორებიც ვეტერანთა დახმარებაა, საკვები პროდუქტების პროგრამები და ჯანდაცვა დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის.
“რესპუბლიკელთა უგუნური ბიუჯეტი საგადასახადო შეღავათებს 4.5 ტრილიონამდე გულისხმობს მდიდარი და შეძლებული ადამიანებისთვის, მაშინ, როცა საშუალო კლასის, მშრომელ, რიგით ამერიკელებს ტოვებენ გადასახადებთან”, – თქვა ჯეფრისმა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა კანონმდებლებს მიიღონ “ერთი დიდი, მშვენიერი კანონი”, რომელიც მას შიდა პოლიტიკის გატარებაში დაეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ბიუჯეტის წარმომადგენელთა პალატისეული ვერსიის მხარდაჭერა გამოხატა, სენატმა პარასკევს რეზოლუცია გამოსცა, რომელიც 150 მილიარდ სამხედრო დაფინანსებას და 175 მილიარდ დოლარს საზღვრის უსაფრთხოებისთვის ითვალისწინებს. ამ ვერსიაში ასევე თავიდანაა არიდებული ის წინააღმდეგობრივი სამედიცინო ხარჯების შეკვეცები, რაც პალატის მიერ წარდგენილ ვერსიაშია გათვალისწინებული.
სენატის უმრავლესობის ლიდერი ჯონ თუნი არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთი დროებითი რეზოლუცია იყოს მიღებული, რომელიც კანონმდებლებს სრულ ბიუჯეტზე სამუშაოდ მეტ დროს მისცემს. დემოკრატი სენატორები კი ამბობენ, რომ ბიუჯეტის შემოთავაზებული ვერსიები მოხუცებს, ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დააზარალებს
კანონად ქცევამდე სენატისა და პალატის ვერსიები უნდა გაერთიანდეს და ერთ საბიუჯეტო პროექტად იქცეს. თუკი კანონმდებლები ვერ შეძლებენ კომპრომისის 14 მარტამდე მიღწევას, მაშინ ამერიკის ფედერალური ხელისუფლების ნაწილი დაიხურება, ანუ თანამშრომლების ნაწილი – მილიონობით საჯარო მოხელე დროებით ანაზღაურების გარეშე დარჩება. არაარსებითი მნიშვნელობის ფუნქციები და სამუშაოები კი შეჩერდება.