“წარმოვიდგენ, თითქოს ჯულიეტა აივანზე დგას, ზემოდან დამცქერის და მეუბნება: იმედია, ღირდა” – ერთი როლი და სამუდამო დიდება ოლივია ჰასის ცხოვრებაში – Marao
ოლივია ჰასი არის მსახიობი, რომელმაც მსოფლიო კინოისტორიაში სამუდამოდ დატოვა თავისი კვალი. მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეუქმნია მრავალრიცხოვანი როლებისგან შემდგარი კარიერა, ერთმა განსაკუთრებულმა შესრულებამ – ჯულიეტას როლმა ფრანკო ძეფირელის მიერ გადაღებულ 1968 წლის ფილმში “რომეო და ჯულიეტა” – მისი სახელი კინოლეგენდად აქცია.
ოლივია ჰასი მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც ფრანკო ძეფირელიმ ჯულიეტას როლზე დაამტკიცა. რეჟისორის მიზანი იყო, შექსპირის ცნობილი ტრაგედიის გმირები ასაკობრივად რეალისტურად წარმოეჩინა და არა ისეთი, როგორადაც ადრე სხვა ეკრანიზაციებში ვხედავდით. სწორედ ჰასის ნაზი, უაღრესად ბუნებრივი და შინაგანი სილამაზით გამორჩეული სახე გახდა ჯულიეტას არქეტიპი ახალი თაობისთვის.
ფილმის გამოსვლისთანავე ოლივია ჰასის შესრულება არა მხოლოდ მაყურებელმა, არამედ კრიტიკოსებმაც დადებითად შეაფასეს. მისი მყიფე, ნაზი, მაგრამ ამავდროულად ძლიერი და ემოციური თამაში დაუვიწყარი აღმოჩნდა. არაერთმა მიმომხილველმა ის “ყველა დროის საუკეთესო ჯულიეტად” მოიხსენია.
ოლივია ჰასის გამოჩენა ეკრანზე მხოლოდ მსახიობური შესრულებით არ ყოფილა გამორჩეული. იგი იქცა სილამაზისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ 1960-70-იან წლებში. მისი დიდი, ღრმა თვალები, მჭიდროდ შეკრული თმა და სახის ბუნებრივი გამომეტყველება მილიონობით გოგონას სტილის შთაგონებად ექცა.
ბევრისთვის ოლივია ჰასი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მსახიობმა ერთი როლით მოიპოვოს უკვდავება.
ოლივია ჰასი დაიბადა 1951 წელს, არგენტინაში, ბრიტანელი დედისა და არგენტინელი მამის ოჯახში. ეს მრავალფეროვანი წარმომავლობა, რომელიც თან ახლდა მის პიროვნებასა და გარეგნობას, კიდევ უფრო გამორჩეულად აქცევდა მას იმდროინდელ ჰოლივუდში. მისი უნიკალური იდენტობა და ევროპული იერი ხშირად აღინიშნებოდა საერთაშორისო მედიაში.
ჰასი არასდროს ყოფილა სკანდალების ნაწილი. მის ცხოვრებას ყოველთვის ახლდა სიმშვიდე, თავმდაბლობა და ღრმა სულიერება. მოგვიანებით იგი აქტიურად საუბრობდა პირად სირთულეებზე და თავის ბრძოლებზე ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, რაც კიდევ უფრო ახლობელს ხდიდა მას საზოგადოებისთვის.
ილივია 2024 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა 73 წლის ასაკში – მანამდე კი მის ცხოვრებაში არაერთ საინტერესო ეპიზოდი იყო.
2023 წლის იანვარში ოლივია ჰასმა და ლეონარდ უაითინგმა საჩივარი შეიტანეს კომპანია Paramount Pictures-ის წინააღმდეგ. ისინი 500 მილიონ დოლარზე მეტს ითხოვდნენ ფილმში სასიყვარულო სცენის გამო, სადაც მსახიობები ჯერ კიდევ მოზარდები არიან. რომეო და ჯულიეტას როლის შემსრულებლებმა ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლოში სექსუალური ძალადობის, სექსუალური ზეწოლისა და თაღლითობის ბრალდებით უჩივლეს Paramount Pictures-ს. 2023 წელს საქმე დახურა ლოს-ანჯელესის სასამართლომ, რომელმაც მიიჩნია, რომ კონკრეტული შემთხვევა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მოზარდთა პორნოგრაფიად, მსახიობებმა კი ძალიან გვიან აღძრეს საქმე.
ოლივია ჰასს ჯულიეტას როლმა მოუტანა მსოფლიო აღიარება. ეს გენიალური რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის დამსახურება იყო, რაზეც ოლივიას არაერთხელ უსაუბრია ჟურნალისტებთან, მათ შორის “კვირის პალიტრასთან”. გთავაზობთ ამონარიდებს 2020 წლის ინტერვიუდან, რომელსაც “კვირის პალიტრის” არქივი ინახავს.
“არც ერთ როლზე ასე თავდადებით არ მიმუშავია, როგორც ჯულიეტას როლზე ვიმუშავე. ყველაზე რთული სასიყვარულო სცენა იყო – იმდენი ადამიანის წინაშე უნდა გავშიშვლებულიყავი, მეკოცნა ლეონარდისთვის, ამიტომ ფილმის რეჟისორმა ეს სცენა ბოლოსთვის მოიტოვა. ლეონარდი ჯერ კედელზე უნდა ამოცოცებულიყო და შემდეგ იწყებოდა სასიყვარულო სცენა. ძალიან ბევრი დუბლი ჩავწერეთ. საწყალი რომეო ძალიან დაიტანჯა. ფრანკოს ცოტა მეტი უნდოდა ამ სცენისთვის, თუმცა არასდროს ჩავუყენებივარ უხერხულ მდგომარეობაში, მე თავად ვთხოვდი მეტს საკუთარ თავს, მინდოდა ეს სცენა სრულყოფილი ყოფილიყო. ბოლოს ვთხოვე, კიდევ ერთი დუბლი ჩაგვეწერა. წინაღამეს ლეონარდის “ფიატით” გავისეირნეთ, ბევრი დავლიეთ, სანაპიროზე ვისეირნეთ, ვიცინეთ, გავერთეთ და უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს, მეორე დღეს კი ეს სცენა გადავიღეთ, რომელიც ბოლო დუბლი აღმოჩნდა. დღესაც, ფილმის გადაღებიდან 52 წლის შემდეგ, მეკითხებიან, იყო რამე თქვენსა და ლეონარდს შორისო. იყო, თან არც იყო – ესაა ჩემი პასუხი. ორივე ძალიან ახალგაზრდა ვიყავით, გამოუცდელი, ამ ფილმმა დაგვაახლოვა. მაშინ ლეონარდი ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო ჩემთვის.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ცოტა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს – ეს ორივესთვის თითქოს მოვალეობა იყო, მერე კი ძალიან კარგ მეგობრებად დავრჩით და ახლაც ვმეგობრობთ. ფლირტს ძალიან დიდი დრო მიაქვს, მე კი ამისთვის არ მეცალა, თანაც ლეონარდი 18-დან 35 წლამდე ასაკის ყველა იტალიელი ქალის მოხიბვლას ცდილობდა.
ერთ დღეს ფრანკო ძეფირელიმ კვლავ დამირეკა, ტექსტით: “ძვირფასო, რას იტყვი, კვლავ ქალწული რომ ითამაშო? ქრისტეს სერიებს ვიღებ და მინდა ღვთისმშობელი განასახიერო”. რა თქმა უნდა, დავთანხმდი”…
