„წარმოების განვითარებაზე პარტნიორებს ვესაუბრებოდი, მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია“ – ზვიად ციკოლია (bm.ge)

სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია აცხადებს, რომ საქართველოში „ციკოლიას“ ბრენდისა და წარმოების განვითარებაზე პარტნიორებს ესაუბრებოდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი გაჩერებულია. BM.GE-სთან ქვეყანაში შექმნილ რთული პოლიტიკური ვითარების ბიზნესზე გავლენაზე საუბრისას ბრენდ „ციკოლიას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბიზნესი სერიოზულ გაურკვევლობაშია.
„საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და მინდა ისეთი პროექტები განვახორციელო აქ, რაც ჯერჯერობით ქვეყანაში არ ყოფილა, ამაზე ჩემს პარტნიორებს ვესაუბრებოდი, მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია. მიმდინარე პროექტები „ციკოლიასთან“ არსებული საათების და საიუველირო ნაწარმის წარმოება და ა.შ. ყველაფერი ეჭვქვეშ დგას, რადგან არ ვიცით ხვალინდელი დღე როგორი იქნება. სერიოზულ გაურკვევლობაში ვართ და ვერ ვაკეთებთ არჩევანს დივერსიფიცირების შემთხვევაში სად ჯობია გადასვლა და რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული. ის ენერგია, რაც საქართველოში ბრენდად ჩამოყალიბებისთვის გვაქვს ჩადებული, ახალ ბაზარზე შესვლისას ნულიდან უნდა დავიწყოთ.
ყოველგვარ განვითარებისკენ მიმართული ნაბიჯები იგივე ლოგისტიკასთან დაკავშირებული ქმედებები გაჩერებული გვაქვს. წარმოების განვითარება გაჩერებულია – დანადგარების შეძენა გვინდოდა. ყველანაირი ინვესტიცია, რომ რაღაც ფული დააბანდო იმ იმედით, რომ მომავალში რაღაცას ამოიღებ – ყველაფერი გაჩერებულია“, – აღნიშნავს ის.
ზვიად ციკოლია შექმნილ ვითარებას მძიმეს უწოდებს და ამბობს, რომ ბიზნესის დივერსიფიცირებაზეც ფიქრობს, თუმცა ითვალისწინებს იმას, რომ სხვა ქვეყანაში ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწევს.
„გვინდა, რომ ქართული ბრენდი საქართველოში იწარმოებოდეს. საწარმო დანადგარები ჩამოსატანად გარკვეული ინვესტიციები განვახორციელეთ, რაშიც აწარმოე საქართველოც დაგვიდგა გვერდით. ბანკის სასესხო ვალდებულებებიც გვაქვს. ვაგრძელებთ ამ ინვესტიციებს წარმოების მიმართულებით. წარმოიდგინეთ ამ ყველაფრის გადატანა როგორი იქნება საზღვარგარეთ. ამ შემთხვევაში ყველაზე ძვირფასი არა დანადგარები, არამედ კადრებია. მათი საზღვარგარეთ გადაყვანაც რამხელა პრობლემაა, რადგან მენეჯმენტი უნდა გადაიყვანო. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ამაზე გვიწევს ფიქრი.
ამაზე უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ბიზნესის დივერსიფიცირება მოვახდინო, მაგრამ არც ისე ადვილია აიღო და ბიზნესი რომელიმე ქვეყანაში გადაიტანო, აქ გაქვს ფესვები გადგმული, იქ დაფუძნებული საკმაოდ რთულია.
პოტენციურ ლოკაციებად ევროპას და -ს განვიხილავ. შტატები გაცილებით დიდი და სტაბილური ბაზარია, თუმცა ყველაფერს თავისი პლუსი და მინუსი აქვს. ის რომ ევროპა აქვეა და გადაადგილება მარტივია კარგია, მაგრამ ამასთან იქაც გარკვეული პოლიტიკური რყევებია, რაც ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს“, – აცხადებს ზვიად ციკოლია.
წყარო: bm.ge