თუ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, ეს სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს როგორც ტურიზმში, ისე მთლიანად ეკონომიკაში, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურისტული ობიექტის „ქორენას“ დამფუძნებელმა მაიკო კეზევაძემ ისაუბრა.
მისი შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება არა მხოლოდ ტურისტული ნაკადების შემცირებას გამოიწვევს, არამედ მთელ რეგიონში დასაქმებულ ადამიანებს ეკონომიკური სირთულეების წინაშე დააყენებს.
„წარმოდგენაც არ მინდა, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ხელისუფლება რაღაცას მოიმოქმედებს და ისე გააკეთებს, რომ ეს არ მოხდება. თორემ ჩამოიშლება ყველაფერი – ტურიზმზე აღარ მაქვს საუბარი“, – თქვა მან.
კეზევაძე ხაზს უსვამს ვიზალიბერალიზაციის პრაქტიკულ გავლენას ყოველდღიურ ეკონომიკაზე, სადაც თითოეული ტურისტის ვიზიტი ადგილობრივ ბაზარს, რესტორნებს, მძღოლებს, ხელოვანებს და ხელსაქმეზე დამოკიდებულ ადამიანებს უკავშირდება.
„ჩემთან რომ მოდის სტუმარი, მერე ბაზარში შედის, მაღაზიაში შედის, რაღაცას იღებს, სამახსოვროდ მიაქვს… თუ ეს შეწყდება, ტურიზმი 30–40%-მდე დაიკლებს და ეს იქნება კატასტროფა. სოფელში მცხოვრები ქალბატონები, რომლებიც ჩემთან მუშაობენ და ყოველდღიურად იღებენ ანაზღაურებას – უმუშევრები დარჩებიან“, – აცხადებს მაიკო კეზევაძე.
როგორც ობიექტის დამფუძნებელი ამბობს, ამჟამად მისი ობიექტი 10-მდე ქალბატონს ასაქმებს, რომლებსაც შემოსავლის სხვა ალტერნატივა პრაქტიკულად არ აქვთ.
„დაახლოებით 20-25 ადამიანი დარჩება უმუშევარი. აი ეს ხალხი, ვინც კულტურას ინარჩუნებს, გვიყვება, მღერის, ცეკვავს, მძღოლობს – ყველა გაჩერდება. მე ფიქრიც არ მინდა ამაზე“, – ამბობს ის.
კეზევაძე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ევროპული ბაზრის დაკარგვა, მათ შორის სავიზო შეზღუდვების გაძლიერება, პირდაპირ და მტკივნეულად იმოქმედებს რეგიონული ეკონომიკის ყველა რგოლზე.
