აჭარაში საზაფხულო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს ტურისტული სეზონის გახსნა მიულოცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ.
როგორც სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს, აჭარის რეგიონში, ტურისტების რაოდენობა მზარდია და შესაბამისად, რეგიონი დამსვენებლებს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება.
„დარწმუნებულები ვართ, რომ წელს ძალიან წარმატებული სეზონი გვექნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, შესაბამისად, მზარდია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს ხვდება განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით. გაიხსნა ბევრი ახალი განთავსების, კვების და გასართობი ობიექტი, როგორც ზღვის სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს ეტაპობრივად გავხსნით კიდევ ბევრ ახალ ტურისტულ ობიექტს, მათ შორის, ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელ ორზოლიან ზიპლაინს. ყოველივე ზემო აღნიშნულთან ერთად უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი წესრიგისა და ჯანმრთელობის დაცვა. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა
სამინისტროს, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საპოლიციო და სამაშველო ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და ზრუნავენ, როგორც ადგილობრივების, ასევე, ტურისტების უსაფრთხოებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, ტურისტული სეზონი იქნება წარმატებული და წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება.“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა.
