ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება, ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის ურთიერთობას აფუჭებენ ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო. ეს ძალიან დამაფიქრებელია, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ს მიერ ქართული ოცნების 20 წარმომადგენლის სანქცირებასთან დაკავშირებით.
“პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციაში მონაწილე აქტივისტები. როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს – არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთს ნიშნავდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში – სხვას.
აშშ-ს წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებშიც. […] ჩვენ არ გვახსოვს არამცთუ სანქცია, მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც ახლაც ხელისუფლებაშია. ამ ფაქტორების გამო წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრსმოკლებულია”, – თქვა პაპუაშვილმა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა 20 პირს ქართული ოცნებიდან, მათ შორის, მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებსა და კერძო პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.
Tabula.ge