წამყვანმა მედიასაშუალებებმა უარყვეს პენტაგონის მიერ დადგენილი ახალი წესები

დღეიდან, 15 ოქტომბრიდან პენტაგონს აკრედიტაციის ბარათები უნდა ჩააბარონ ჟურნალისტებმა, რომლებმაც უარი თქვეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ(ომის მინისტრი) პიტ ჰეგსეთის მიერ დადგენილი, ინფორმაციის მიღების ახალი წესების დაცვაზე. მედიისთვის მიცემული ვადა 14 ოქტომბერს ამოიწურა.
წამყვანმა მედიასაშუალებებმა ამ წესების მიღებაზე უარი თქვეს.
ჰეგსეთმა ახალი წესების პროექტი სექტემბერში გამოაქვეყნა და პენტაგონში აკრედიტებულ ჟურნალისტებს ხელმოწერის ბოლო ვადად 14 ოქტომბერი განუსაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აკრედიტაციას დაკარგავენ.
ახალი წესების თანახმად, ჟურნალისტი საფრთხედ ჩაითვლება, თუ არასანქცირებული ინფორმაციის, მათ შორის არასაიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას შეეცდება. ეს ნიშნავს, რომ მედიამ უნდა ისარგებლოს მხოლოდ იმ ინფორმაციით, რომლის გავრცელებაც სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერაა სანქცირებული. მინისტრმა ჰეგსეთმა ახალი წესები საღი აზრითა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა.
ახალი წესების ხელმოწერაზე უარი თქვა სულ მცირე 30-მა მედიასაშუალებამ. მათ შორის არიან: Reuters, Associated Press, Bloomberg News, The New York Times, The Wall Street Journal, The Washington Post, CNN, CBS, NBC, ABC, Axios, Politico, The Guardian, The Atlantic, The Hill, Newsmax და სხვები.
უარი თქვა ტელეკომპანია Fox News-მაც, რომელიც ხშირად უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას. თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ამ ტელეარხის პოლიტიკური კომენტატორი იყო.
ჟურნალისტებმა პენტაგონში დადგენილი ახალი წესები პრესის თავისუფლების ხელყოფად შეაფასეს და განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების საქმიანობის გაშუქებას აკრედიტაციის გარეშეც გააგრძელებენ.
ზოგიერთმა გამოცემამ ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელ X-შიც გამოაქვეყნა. მაგალითად, Washington Post-ის, Atlantic-ის და NYT-ის განცხადებებს თავდაცვის მინისტრმა ჰეგსეთმა უპასუხა ემოჯით, რომელიც დამშვიდობებას გამოხატავს.
პენტაგონის პრესმდივანმა შონ პარნელმა მედია დაადანაშაულა არასწორ ინტერპრეტაციაში და განაცხადა, რომ ამ წესების ხელმოწერა ნიშნავს არა დათანხმებას, არამედ დადასტურებას, რომ ჟურნალისტებს ესმით, რაში მდგომარეობს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკა.
ხუთმა უმსხვილესმა ამერიკულმა მაუწყებელმა(ABC News, CBS News, CNN, FOX News Media, NBC News) 14 ოქტომბერს გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, უერთდებიან სხვა საინფორმაციო საშუალებებს და უარყოფენ პენტაგონის ახალ მოთხოვნებს, რომლებიც ჟურნალისტებს უზღუდავს ამერიკელებისა და მსოფლიოს ინფორმირებას ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე. წამყვანი ამერიკული ტელეკომპანიები პენტაგონის პოლიტიკას უპრეცედენტოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ დაიცავენ თავისუფალი და დამოუკიდებელ პრესის პრინციპებს.
ფორუმი