წამლების მიმართულებით მოქალაქეებს „კატასტროფული დანახარჯი“ აქვთ – აკაკი ზოიძე

წამლების მიმართულებით მოქალაქეებს „კატასტროფული დანახარჯი“ აქვთ – აკაკი ზოიძე
მოსახლეობისთვის უფასო მედიკამენტებში მთავრობა ყოველთვიურად მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგრამ შეღავათი რეალურად ნაკლებად იგრძნობა. ამის მიზეზი წამლებზე მაღალი დანახარჯია, რაც კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხალხისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. როგორც ირკვევა, ყოველთვიურად, სახელმწიფო პაციენტებს 4-დან 6 მილიონამდე ლარის მედიკამენტებს უფინანსებს. იმისთვის, რომ მედიკამენტებზე დამოკიდებულმა მოქალაქეებმა შეღავათი იგრძნონ, სახელმწიფო ხარჯი დაახლოებით 16 000 000 ლარს უნდა შეადგენდეს, ანუ წლიურად 200 000 000 ლარის ფარგლებში.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც „ჯანდაცვა.გე“-მ გამოაქვეყნა, მიმდინარე წლის ივნისში, მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 4,3 მილიონი ლარის მედიკამენტები გაიცა. აქედან უმეტესი ნაწილი – 3 მილიონზე მეტი პენსიონერებზე მოდის, 850 ათას ლარზე მეტი – სოცდაუცველებზე, 385 ათასი ლარი კი შშმ პირებზე.
თვეების მიხედვით, აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეებზე გაცემული მედიკამენტების ღირებულება შემდეგია: მაისი – 4,6 მილიონი ლარი, აპრილი 5,1 მილიონი, მარტი – 4 მილიონამდე, თებერვალი – 5 მილიონი, იანვარი – 5,9 მილიონ ლარამდე.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მაღალი ხარჯის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან პაციენტებისთვის გაწეული დახმარება არ არის ეფექტური და ადამიანების პრობლემას რეალურად ვერ აგვარებს.
ყოფილი დეპუტატის, ჯანდაცვის ექსპერტ აკაკი ზოიძის შეფასებით, მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამამ უფრო ეფექტურად რომ იმუშაოს, დაფინანსების ოდენობაც უნდა გაიზარდოს.
,,საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია, მოიმატა დაფინანსების წილმა, განსაკუთრებით ონკოლოგიური პაციენტებისთვის, მაგრამ არ არის ის დონის დახმარება, რომ ბენეფიციარებს ხარჯი შეუმსუბუქდეთ. მედიკამენტებზე დანახარჯი მაინც მაღალია, თამამად შეიძლება თქმა, რომ წამლების მიმართულებით მოქალაქეებს ,,კატასტროფული დანახარჯი” აქვს, რაც ნიშნავს, რომ წამლების ხარჯი ოჯახების შემოსავლების 20%-ს აღემატება, რაც სტანდარტის შესაბამისად, გამაღარიბებელ დანახარჯებად ითვლება. სამედიცინო ხარჯებში კი 90%-ზე მეტი მედიკამენტებზე მოდის. იმისთვის, რომ პაციენტებმა შეღავათი იგრძნონ, სუბსიდირების კომპონენტი კიდევ უნდა გაიზარდოს.
მისასალმებელია, რომ პოზიტიური ცვლილებებია როგორც სუბსიდირების ნაწილში, ასევე ე.წ. რეფერენტული წამლების შემოტანით, თურქეთის ბაზრის გახსნით და სხვა, რამაც გარკვეულწილად, შეამცირა ხარჯი, მაგრამ გარღვევა ჯერ არ მომხდარა და ალბათ დამატებით დაახლოებით 200 მლნ ლარი არის საჭირო იმ მედიკამენტების ღირებულების დასაფინანსებლად, რასაც მოსახლეობა ინტენსიურად მოიხმარს. ამ დაფინანსებიდან დიდი ნაწილი მოდის ქრონიკულ დაავადებებზე, იქნება ეს არტერიული წნევა, დიაბეტი, ასთმა, ფილტვების დაავადება, გულის იშემიური დაავადება და სხვა.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ყოველდღიურად მოიხმარს მედიკამენტებს და თუ სუბსიდირება გაიზრდება, მაშინ ოჯახებს ეს ხარჯი კატასტროფულ ტვირთად აღარ დააწვება”, – განუცხადა ზოიძემ ,,რეზონანსს”.
resonancydaily.com

ასევე დაგაინტერესებთ