წალკის მუნიციპალიტეტში მიკედლებული ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა

წალკის მუნიციპალიტეტში მიკედლებული ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ვეტერინარებმა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს და პათოლოგიური მასალის ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევით ცოფი დადასტურდა. სააგენტოს ვეტერინარებმა დაავადების კერაში მყისიერად დაიწყეს საკარანტინო ღონისძიებები – ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია, სადეზინფექციო სამუშაოები, ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ფაქტის შესახებ ეცნობა ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურებს.
მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცხოველებში ცოფის 6 შემთხვევაა გამოვლენილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.
ამავდროულად, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხორციელდება უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა. აღსანიშნავია, რომ ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოფის გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.
დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3761-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს ჩაუტარდა. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, ასევე, მხარი დაუჭირონ პროგრამას, რომელიც უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლს ისახავს მიზნად, რათა თავიდან ავიცილოთ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა