წალენჯიხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რაზეც 25 მლნ ლარამდე დაიხარჯება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში აშენდება: წყლის გამწმენდი ნაგებობა, წყლის სათავე ნაგებობები, რეზერვუარი. მოეწყობა 60 კმ წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილებს.

პროექტზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. 2025 წლის ბოლოსთვის 3 650 -მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გიორგი გუგუჩიამ და კონტრაქტორი კომპანიის ამხანაგობა ,,ინვესტ გრუპი”-ის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.