წალენჯიხაში საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების უფასო კვება 2026 წლის ბიუჯეტიდან 250 000 ლარით დაფინანსება – “ძლიერი საქართველო-ლელო”

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
პოლიტიკური პარტიის პრესსამსახურის თანახმად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა და დაამტკიცა „ძლიერი საქართველო-ლელო“-დან საკრებულოს წევრის გუგა დარსალიას წინადადება – მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა კვების უზრუნველსაყოფად 250 000 ლარის გამოყოფაზე.
შესაბამისი პროექტი წარედგინა 45 მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მხოლოდ წალენჯიხაში დამტკიცდა.
როგორც გუგა დარსალიამ განაცხადა, დაწყებითი კლასის მოსწავლეთა სკოლაში კვების პროგრამა 2021-25 წლებშიც მოქმედებდა და “კარგია, რომ ამ მოწვევის საკრებულომ მხარი დაუჭირა პროგრამის გაგრძელებას“.
„ეს კარგი მაგალითი უნდა იყოს სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებისთვის და ზოგადად, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ სკოლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა კვება სახელმწიფოს პრეროგატივა იყოს, ისე, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია”, – ამბობს დარსალია.