“დღეიდან, 1-ლი ივნისიდან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით შშმ ბავშვების დღიური კვებით უზრუნველყოფა მოხდება”, – ამის შესახებ განცხადება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ გააკეთა.
როგორც ბელქანია აღნიშნავს, წალენჯიხაში პირველ კლასელები უკვე სარგებლობენ მერიის პროგრამით, რომელიც მათ კვებით უზრუნველყოფას მოიცავს.
“სტატისტიკის დონე იმ ბავშვების, რომლებიც საქართველოში და კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონში, წალენჯიხაში შიმშილობენ, ძლიან მაღალია. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშობლებისთვის ამ სახის მხარდაჭერას. ასევე, მხოლოდ წალენჯიხაში მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც არის მუნიციპალური ქოლგით. კოალიციური ერთობის შედეგია ასევე, ნიკო კვარაცხელიას IT აკადემია, “იუვენტუსის” აკადემია, არტ მეურნეობა, ასევე, ამერიკული კუთხე, რომელიც სრულიად უფასოა და მხარს უჭერს ბავშვების ხარისხიანი განათლების მიღებას. მხოლოდ ხარისხიანი განათლებაა შესაძლებლობა და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას. განათლებაა ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს შვილებს ევროპასა და მსოფლიოში გაუხსნის ფანჯრებს და დაძლევს რუსულ ოკუპაციას”, – განაცხადა თამარ ბელქანიამ.
წალენჯიხის მერის მოადგილემ, ასევე ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა სრულიად საქართველოს.
“მთელ საქართველოს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშოროსო დღეს. განსაკუთრებით ვულოცავ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ბავშვებს. წალენჯიხა არის საოკუპაციო გამყოფი ხაზის მუნიციპალიტეტი, სადაც, ოკუპირებული გალიდან გადმოდიან ბავშვები, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ მუნიციპალურ პროგრამებს, რომლებიც ბავშვებს შეეხებათ”, – აღნიშნა წალენჯიხის მერის მოადგილემ.