წალენჯიხაში ადგილობრივი ხელისუფლებისთვის – ყოველი დღე ბავშვებს ეკუთვნის

ყოველი დღე ბავშვებს ეკუთვნის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლება თვლის, რომ თითოეული დღე ბავშვების ზრუნვისთვის, წარმატებისა და უკეთესი მომავლისთვის უნდა დაიხარჯოს.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ხელისუფლება წალენჯიხას, ამ მხრივ, სრულ მხარდაჭერას არ უცხადებს, ადგილობრივი თვითმმართველობა მაინც ცდილობს, რომ საგანმანმანათლებლო მიმართულების ძირითადი ფინანსური რესურსი ბავშვებს დაუთმოს.
საქართველოში, ბავშვთა დაცვის მიმართულებით, მრავალი გამოწვევა სამწუხაროდ, ისევ, მოუგვარებელი რჩება. იქნება ეს ძალადობა, სიღარიბე, თუ სარეაბილიტაციო და მხარდამჭერი სერვისების სიმცირე.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოში, ბავშვების 35% სრულ შიმშილს განიცდის.
როგორც ცნობილია, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც, მესამე წელია პირველკლასელთა უფასო კვების მუნიციპალური პროგრამა ხორციელდება.
ასევე, ერთადერთ მუნიციპალიტეტად რჩება იმ მიმართულებითაც, რომ შეიქმნა და ეფექტურად ფუნქციონირებს მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსებული ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის – აუტიზმის ცენტრი.
წალენჯიხის საბავშვო ბაღებში, არსებითად გაიზარდა, როგორც კვების, ასევე, სკოლამდელი აღზრდა განვითარების დონე.
“იმ ყველაფერს თუ გავიხსენებთ რაც წალენჯიხაში დანერგილა და გაკეთებულა, და თუ ასევე, დავინახავთ, რაც კეთდება, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ სწორედ ესაა სწორი კოალიციური მმართველობა, საზოგადეობასა და ბავშვებზე ორიენტირებული შედეგები. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მიმართვისა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები ყოფილიყო გამოყოფილი მეორე კლასელთა კვებისთვის, პასუხი არ მიგვიღია. პასუხის არმიღების მიზეზი არის ის რომ “ქართული ოცნებისთვის” არ არის პრიორიტეტული ბავშვთა დაცვა და მათზე ორიენტირებული სერვისების შექმნა. ასევე, მათ ძალიან აწუხებთ ის ფაქტი, რომ მხოლოდ წალენჯიხაში შეიქმნა მოსწავლეთა უფასო კვების მუნიციპალური პროგრამის პრეცედენტი. გაუგებარია, რატომ არ არის შესაძლებელი საქართველოს მასშტაბით, თუნდაც, მხოლოდ პირველკლასელების კვების უზრუნველყოფა, იმ ფონზე როდესაც ოცნება ხშირად ტრაბახობს მნიშვნელოვნად გაზრდილი, “მოგუგუნე” და “მდუღარე” ეკონომიკით. ჩვენი ვალია, მაქსიმალური გავაკეთოთ ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვის კუთხით და გავზარდოთ მათზე ხელმისაწვდომობა”, – აცხადებს წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვანო ბურდული.