ხმაური ბათუმის დრამატულ თეატრში – სამსახიობო დასი, თეატრის დირექტორს, ნუკრი ქანთარიას დაუპირისპირდა.
მსახიობებს დღეს ნუკრი ქანთარიასგან სურდათ პასუხი მიეღოთ კითხვაზე – რატომ არ მიუსამძიმრა მან თეატრს კოლეგის, ახალგაზრდა მასახიობის, ოთარ ქათამაძის გარდაცვალება.
“წადი! “ – სკანდირებდნენ მსახიობები ნუკრი ქანთარიას მისამართით.
საბოლოოდ, ქანთარიას დარბაზიდან დროზე ადრე, შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით 5 წუთში გასვლა მოუწია.
არის რაღაც წითელი ხაზი, რის იქითაც ჩვენ ამ ადამიანთან ურთიერთობა არ შეგვიძლია. მისი მხრიდან ყველაზე თავხედური იყო ის, რომ შეხვედრაზე შემოსვლისთანავე გასტროლზე დაიწყო საუბარი. მიულოცა წარმატებული გამოსვლა, რის შემდეგაც ჩვენი მსახიობი ადგა და მოუწოდა, რომ მას თეატრი უნდა დაეტოვებინა! შეძახილებით გავაცილეთ, დაგვემუქრა – გვითხრა, რომ “მე არ წავალ, წახვალთ – თქვემ!” – აცხადებსმსახიობი მაია ცეცხლაძე.
მსახიობები ითხოვენ, რომ თეატრის დირექტორმა დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა, რადგან მათი თქმით, ის აქამდეც მხილებულია პროევროპულად განწყობილი მსახიობების დასჯაში.
„ისეთ ადგილას ვიყავი, ვერ მოვახერხებდი ჩამოსვლას“ – ასე პასუხობს ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი ნუკრი ქანთარია კითხვას, როტომ ვერ გამოხატა სამძიმარი თეატრის მსახიობის, ოთარ ქათამაძის გარდაცვალების გამო.
მსახიობები აჭარის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს მიმართავენ, რომ თეატრში არსებული პრობლემებით დაინტერესდეს და გაათავისუფლოს ქანთარია დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა ისინი “ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატთან სატელეფონო კავშირზე გასვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 2022 წელს დაინიშნა.
ის პროევროპულად განწყობილი მსახიობების დევნაში არაერთხელ დაადანაშაულეს ამავე დასის წევრებმა:
- 2024 წელს ნუკრი ქანთარიამ იმ მსახიობებს გამოუცხადა საყვედური ვინც, პროევროპული აქციების დროს გაიფიცნენ.
- რამდენიმე თვის წინ, ქანთარიამ 6 თვით შეუჩერა ხელფასი დრამატული თეატრის მსახიობს, მეგი კობალაძეს.
- ქანთარიამ 2025 წლის მარტში სამსახურიდან გაათავისუფლა მსახიობი თორნიკე ბარამიძე, რომელიც პროევროპული აქციების მონაწილე იყო.