მსახიობი, მანანა კოზაკოვა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და რეალობის ნახვისკენ მოუწოდებს.
ქალბატონო მანანა, იმ თაობის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბევრი ბრძოლა გამოიარეთ, როგორ გახსენდებათ ეს ყველაფერი?
– დიახ, მახსოვს 9 აპრილს თეატრალური ინსტიტუტის ბუფეტში ვისხედით და იმ დროს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რომ გამოაცხადა. ემოციების გარეშე ვერც ახლა ვიხსენებ იმ შეგრძნებას, რაც მაშინ მქონდა… მე ძალიან ანტისაბჭოთა ოჯახში გავიზარდე. ბებიაჩემი მართალია მოგუდულად, მაგრამ სტალინზე სულ საშინელებებს ჰყვებოდა. რეპრესირებული ოჯახი იყო, ბაბუა და ბებია ორივე დაჭერილები იყვნენ, ბაბუა დახვრიტეს… ამ ისტორიებზე გაზრდილმა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რომ გავიგონე, ის წუთები არასოდეს არ დამავიწყდება.
იმედი მქონდა ის ჯოჯოხეთი აღარასოდეს მობრუნდებოდა, საბჭოეთს, რუსეთს თავი დავაღწიეთ და დღეს რომ ისევ ჩემი შვილის, მისი თაობის საომარია ეს ყველაფერი, მართლა აღარ შემიძლია. ძალიან დავიღალე ოღონდ სამშობლოს სიყვარულით, სამშობლოსთვის ბრძოლით კი არა, მეგონა, რომ რაღაცაზე შევთანხმდით და კიდევ რომ ასე აგრძელებენ, ეს არის საშინელება…
რაც ყველაზე მეტად მიკვირს, ჩემი თაობის წარმომადგენლების დამოკიდებულებაა. ადრე, საბჭოთა დროს ტელევიზია, გაზეთი, ყველანაირი საინფორმაციო წყარო გატყუებდა, “გაშტერებდა”, გაზომებდა, ტვინს გირეცხავდა… ამის მიღმა ვიცოდით, რა ტყუილი იყო რა მართალი და დღეს რომ პროპაგანდისტულ არხებს უჯერებენ, გაოგნებული ვარ.
გამორთე ის არხი, რომელიც სულ გატყუებს, წადი აქციებზე და შენი თვალით ნახე, რაც ხდება! სხვათა შორის რუსეთი პროპაგანდის მხრივ ყოველთვის ძლიერი იყო და განათლებულიც. მეცხრამეტე საუკუნეშიც კი ეს საკითხი უმაღლეს დონეზე ჰქონდათ, მთელი ორგანიზაციები არსებობდა. შეუძლიათ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი აშიმშილონ, მაგრამ ამისთვის უღირთ. გაზს მოიპოვებენ, ნავთობს, მაგრამ მოსახლეობა შეიძლება იყინებოდეს, ( თან ამ ქვეყნის ყინვები წარმოიდგინეთ) და გაწირონ. ამ დროს ფულს ხარჯავენ ყველა ტელევიზიაში, გაზეთში გავლენების მოსაპოვებლად.
ასეთი ხალხია! ერზე არ შეიძლება ასე ხელაღებით საუბარი, მაგრამ მათაც წააგეს თავიანთი ომი თავისუფლებისთვის. რუსეთშიც იყო კრიტიკული აზროვნების ხალხი, ძალიან ბევრი ადამიანი გამოდიოდა პუტინის წინააღმდეგ, მაგრამ ხერხემალში გადატეხეს, პროპაგანდით შეაშინეს. რასაც აქ მცირე მასშტაბებით ხედავთ, იქ დიდი მასშტაბებით იყო.
ამბობენ, რომ რუს ხალხშიც არის ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ, რას იტყოდით ამის შესახებ?
– დიახ, დამპყრობელი შემდეგ ყოველთვის ასეა მომართული, თითქოს უყვარდება თავის “პატარა ძმა“… ამბობენ, რა გინდათ, თქვენ ხომ პატარა ქვეყანა ხართ, ვერ შეძლებთ დამოუკიდებლად ყოფნასო. ასეთი რუსეთი თვითონ აღარ უნდათ ნორმალურ ხალხს. წავიდნენ იმ ქვეყნიდან. ჩვენც თითქოს ძლივს რაღაცნაირად დავლაგდით, რაღაც შედეგამდე მივედით და აღარ მესმის რა უნდათ! მოსახლეობის 80 პროცენტს, თავად საქართველოს ხელისუფლების მომხრეებსაც კი აღარ უნდათ რუსეთი და ეს რით ვერ გაიგეს?! ევროკავშირისკენ სვლა იმას კი არ ნიშნავს, რომ გეოგრაფიული მდებარეობა მინდა შევიცვალო და საფრანგეთში გავიღვიძო. უბრალოდ ის წყობა მინდა… კი მესმის, რომ ისიც არ არის იდეალური და უნაკლო, სამწუხაროდ აღარ აქვთ ის იდეალები, რაც ადრე ჰქონდათ, მაგრამ უკეთესი სტრუქტურა არავის არ მოუფიქრებია. ჩვენ გვინდა რაც იმათთან კარგია, ის აქ გადმოვიღოთ.
– რა მოლოდინი გაქვთ, ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?
– ვერაფერს გეტყვით, ძალიან ვღელავ. არანაირი პროგნოზი არ მაქვს, მთელი ოჯახი ამ ამბებით ვართ მოცული. მაინც ვფიქრობ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს… პასუხს კი არ ვარიდებ თავს, მართლა არ ვიცი რა მოხდება. დილით ვიფიქრებ, იქნებ რამე კარგი მოხდეს, გვეშველოს -მეთქი, მერე ისეთი რამ ხდება, აღარაფრის იმედი მაქვს და ასე დამიდის დეპრესია ზემოთ-ქვემოთ. ძალიან ვღელავ ჩემს შვილზე, შვილიშვილზე, მომავალზე…
– თეატრების გაფიცვის შემდეგ როგორია თქვენი დღევანდელობა?
– რა თქმა უნდა უმძიმესია, რადგან კერძო თეატრი (თეატრი სახელოსნო 42 ) ვართ და ჩვენი არსებობა ბილეთის გაყიდვაზეა დამოკიდებული. ამ ამბების გამო პრემიერები მოვხსენით და ყველაფერი თუ დიდხანს გაგრძელდა, დავიხურებით. თუმცა ამასაც აღარ ვჩიოდით, თუ ეს ვინმესთვის მაგალითი იქნებოდა… ლევანის სტუდენტი, არაჩვეულებრივი ადამიანი – ანდრო ჭიჭინაძე დაჭერილია, რაც ყველას ძალიან გვაწუხებს. ტყუილად დაიჭირეს და გირაოთიც არ გამოუშვეს, თითქოს სადმე გაიქცეოდა. აღარ ვიცი რა ვთქვა, უმძიმესია ეს ყველაფერი.
წყარო: ambebi.ge