ამ ეტაპზე თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები არ სრულდება. სახელმწიფოს ერთადერთი კონტრაქტორი კომპანია „აკ-ეარ ჯორჯია”, რომელიც შიდა ფრენებს ასრულებს და ბათუმში რეისს ნატახტარის აეროპორტიდან ფრენს.
კომპანიის ფინანსური დირექტორი ირინა მღებრიშვილი BMG-ის ეუბნება, რომ გარკვეული პერიოდით ნატახტრიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები შეწყვეტილი ჰქონდა, რადგან 2024 წლის თებერვლამდე ამ მიმართულებით Georgian Wings-ი დაფრინავდა.
“ჩვენთვის [თბილისი-ბათუმის რეისზე ფრენა] პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ ხელშეკრულებით ვალდებულება გვაქვს, რომ 15 ადგილიანი თვითმფრინავით შევასრულოთ ფრენები, რომლის ბაზირების აეროპორტი ნატახტარია. 30 ადგილიანი თვითმფრინავით რომ დავფრინავდით, მერე სახელმწიფოს მოუნდა 45 ადგილიანი თვითმფრინავით ფრენების შესრულება. ამას ასრულებდა კომერციულად და სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში Georgian Wings-ი. ჩვენ შეთანხმება გვქონდა გაფორმებული, რომ ამ პერიოდში ბათუმის მიმართულებით არც ნატახტრიდან, არც თბილისიდან აღარ ვიფრენდით. მაგრამ შემდეგ Georgian Wings-მა შეწყვიტა კომერციული ფრენები და სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდანაც გავიდა. მერე ისევ მოგვმართეს, რომ განაახლეთ ნატახტრის აეროპორტიდან რეისებიო და განვაახლეთ”, – განმარტავს მღებრიშვილი.
ნატახტრიდან ბათუმში გაფრენა 125 ლარი ღირს. რაც სხვა მიმართულებებს, ნატახტარი-მესტიის ფასი 90 ლარია, ნატახტარი-ამბროლაურის რეისის ფასი 50 ლარი, ხოლო მესტია-ქუთაისის ხაზზე ფასი 50 ლარს შეადგენს.
ბათუმი-თბილისის რეისზე ფრენებს ასრულებდა Georgian airways-ც, სადაც გვითხრეს, რომ წაგებიანი მიმართულება იყო და უკვე დიდი ხანია აღარ დაფრინავენ.
“2002 წლიდან 2018 წლამდე ასრულებდა ბათუმის მიმართულებით Georgian airways-ი ფრენებს, ყოველწლიურად წაგებიანი რეისები იყო დაახლოებით 1.5 მლნ ლარით. შემდგომ წლებში კომპანია იღებდა მონაწილეობას გამოცხადებულ ტენდერებში, თუმცა იგებდა სხვა კომპანია, რომელიც აღნიშნულ რეისებს ვეღარ ასრულებდა”, – უთხრეს BMG-ის კომპანიაში.
Georgian Wings-ში გასულ წელს BMG-ის უთხრეს, რომ ბათუმი-თბილისის რეისზე ზაფხულის სეზონზე მოთხოვნა მაღალი კი იყო, თუმცა შესაბამისი ხომალდის არ არსებობის გამო ფრენების შესრულება არარენტაბელური გახდა.
“ხელშეკრულება დავასრულეთ საჰაერო ხომალდზე [რომელიც თბილისი-ბათუმის რეისს ასრულებდა] და გვყავს მხოლოდ ბოინგის ტიპის თვითმფრინავები, რომლის გამოყენებაც კომერციულად თბილისი-ბათუმის ხაზზე არ არის გამართლებული. მაქსიმალური ფოკუსირება გავაკეთეთ საერთაშორისო მიმართულებაზე და ამ სეზონზე არ განვიხილავთ თბილისი ბათუმის მიმართულებით ფრენებს. საკმაოდ მოკლე რეისია თბილისი-ბათუმი-თბილისი. ხარჯიც იზრდება, როდესაც მოკლე რეისზე დაფრინავ. რაც უფრო მეტია ფრენის დრო, მით უფრო მოგებიანია ფრენა”, – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე.
ცოტა ხნის წინ, აეროპორტების გაერთიანებამ „აკ-ეარ ჯორჯიას” ხელშეკრულება 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა. განახლებული ხელშეკრულებით შეიცვალა რეისების საორიენტაციო ჯამური რაოდენობა, კერძოდ, ფრენებს დაემატება ორი სიხშირე ერთი ამბროლაურის, ხოლო მეორე ბათუმის მიმართულებით. მღებრიშვილი იმედოვნებს, რომ 2026 წლიდან მთავრობა შიდა ფრენებზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.
“მეცხრე წელია ეს ხელშეკრულება მოქმედებს. იმედია, ახალი ტენდერი გამოცხადდება და ახალი პირობები იქნება. 2025 წლის ტენდერი ჩავარდა. ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა, რადგან უნდოდათ ყველა ფრენა თბილისიდან შესრულებულიყო. ჩვენ ჰოლდინგური კომპანია ვართ და ჩვენი ინტერესია ნატახტრის აეროპორტიდან ფრენების შესრულება. შესაბამისად, თბილისიდან ფრენის ინტერესი არ გვქონდა და არც მიგვიღია იმ ტენდერში მონაწილეობა.
ჩვენ ვთავაზობდით, რომ თუ შენ აცხადებ ტენდერს 5500 დოლარზე, მე ნატახტრიდან ვიფრენ 4900 დოლარად, იმიტომ, რომ ნატახტრიდან ყველა მიმართულებით ფრენა ნაკლებ დროს მოითხოვს. შესაბამისად, ფასიც ნაკლები გამოდის და ასეთი პირობებით ყოველთვის ვაღწევდით შეთანხმებას. ეს შარშანდელი ტენდერი იყო ცალსახად მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან”, – ამბობს ის.
bm.ge
