ძნელია განახორციელო სერიოზული ინვესტიცია, თუ მთავრობასთან დაკავშირებული არ ხარ – პაატა შეშელიძე

საქართველომ Fraser-ის ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის რეიტინგში 38-ე ადგილიდან 25-ე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ეკონომისტების ნაწილის ამბობს, რომ აღნიშნული ზრდა ნაწილობრივ შედარებითი ხასიათისაა – სხვა ქვეყნების მაჩვენებელი გაუარესდა, რამაც საქართველოს ავტომატურად დაწინაურება გამოიწვია.
პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს პრეზიდენტი “კომერსანტის” ეთერში განმარტავს, რომ სამართლებრივი სისტემა ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების კვლავ ყველაზე სუსტი წერტილია: სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლებრივი სტაბილურობა რეიტინგში დაბალი რჩება და უახლოეს წლებში არ პროგრესირდება. მისივე თქმით, ეკონომიკური „წინსვლა“ თითქოს აღინიშნება, თუმცა ძირითადი პრობლემები მაინც უცვლელია.
,,Fraser-ის კვლევითი ინსტიტუტის კვლევაში საქართველოს სამართლებრივი სისტემა მაღალი არასოდეს ყოფილა, ყოველთვის მოკრძალებულ პოზიციებზე ვიყავით. მაგალითად, ზოგიერთ კომპონენტში ასეულშიც კი არ შევსულვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ პერმანენტულად, სამართლებრივ საკითხებში, მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობა იქნება თუ სასამართლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ყოველთვის იყო პრობლემა და რჩება პრობლემად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ 2024-სა და 2025-ში გაუმჯობესებული არ იქნება.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ შემთხვევას, უკვე ზედიზედ მე-3 წელია, რაც პოზიცია გვიუმჯობესდება და 38-ე ადგილიდან 25-ზე დავწინაურდით. რაც შეეხება მიზეზებს, როგორც აქ რაღაც გაუმჯობესდა, სხვა ქვეყანაში გაუარესდა, ეს ინდექსი შეფარდებითია, ერთმანეთს სხვა ქვეყნებს ადარებს”,- ამბობს შეშელიძე.
Fraser-ის რეიტინგში საქართველო ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით შედარებით ნორმალურ პოზიციაზეა: დაბალი გადასახადები, ნაკლები რეგულაციები და სავაჭრო სფეროში ღია გარემო რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია, რისი მთავარი მიზეზიც, შეშელიძის თქმით, სამართლებრივ-პოლიტიკური სისტემაა: სასამართლოს გაუმჭვირვალობა და სახელმწიფოს მხრიდან ხშირი ჩარევა საბაზრო ეკონომიკაში.
,,უცხოურ ინვესტიციებში სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ამას ძალიან მარტივი მიზეზები აქვს. პირველი უკავშირდება სამართლებრივ სისტემას და მეორე უკავშირდება პოლიტიკურ სისტემას. ერთი მხრივ, თითქოს ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოში გადასახადები დაბალია, მარეგულირებლები შედარებით მოკრძალებულია, სავაჭრო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ღია ქვეყანაა რეგიონში და თითქოს, ყველაფერი დადებითი ხდება.
თუმცა, სამართლებრივი სისტემა შეფასებულია როგორც ნეგატიური, სასამართლო სისტემა არ არის გამჭვირვალე, არ არის საშუალება, დაიცვა თავი კრიტიკულ შემთხვევაში პოლიტიკისგან დამოუკიდებლად.
და მეორე ნაწილი – პოლიტიკა ძალიან ერევა ეკონომიკაში, განსაკუთრებით, უცხოური ინვესტიციების მიმართულებით.
ჩემი დაკვირვებით და ამაზე ბევრი საუბრობს, ძალიან ძნელია განახორციელო სერიოზული ინვესტიცია, თუ მთავრობასთან არ ხარ დაკავშირებული. თუ ვინმე ამის დასაბუთებას მოითხოვს, დასაბუთება ინვესტიციების ნაკლებობა გახლავთ”,- აღნიშნა პაატა შეშელიძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში.