ძმები ფხაკაძეების კომპანია იპოდრომის მიმდებარედ 7 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს, რომელთა მაქსიმალური სართულიანობა 79 იქნება.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა „ქართუ ფონდმა” იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80 145 მ²-ის უძრავი ქონების გაყიდვის გარიგება გასული წლის ბოლოს „ცენტრალ პარკ ავენიუსთან“ გააფორმა, რომელიც ბიზნესმენ ფხაკაძეების კომპანიაა.
„ცენტრალ პარკ ავენიუსმა“ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვის შესახებ 12 აპრილს მიმართა და პასუხს სავარაუდოდ ორ კვირაში მიიღებს.
როგორც პროექტიდან ირკვევა, კომპანია მრავალფუნქციური და მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. საპროექტო ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, პირველ მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 25 სართული იქნება, ხოლო მეორეზე ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით, სადაც შენობების მაქსიმალური სიმაღლე 79 სართული იქნება.
„წარმოდგენილი საპროექტო წინადადება, კარგი მაგალითია საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის. ასევე დაგეგმილი, სავაჭრო, საოფისე, კომერციული, სპორტული და გასართობი ცენტრები ქმნის ახალ მომსახურების ცენტრებს და სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდას.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ წარმოდგენილი განაშენიანება ცენტრალურ პარკთან ხელს შეუწყობს სამეზობლო კომუნის ჩამოყალიბება-გაძლიერებას.
შენობის კონცეფცია მორგებულია, როგორც ფეხმავლის, ისე ავტომობილის კომფორტულ გადაადგილებაზე. დაგეგმილია კანონით მოთხოვნილი პარკირების რაოდენობაზე ორჯერ მეტი, 5 500 ავტოსადგომის მოწყობა, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ მცხოვრებელს, ისე მოსულ სტუმარს. საპროექტო გადაწყვეტით ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, N1 მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, ხოლო N2 ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
შპს „ცენტრალ პარკ ავენიუ“ 2023 წლის 22 სექტემბერს არის დაფუძნებული, კომპანიის დირექტორია ვასილ ფხაკაძე. ბიზნეს რეესტრის თანახმად, „ცენტრალ პარკ ავენიუს“ მესაკუთრეა შპს „იდეა“, რომელიც სოსო ფხაკაძის, ლევან ფხაკაძისა და ვასილ ფხაკაძის საერთო კომპანიაა.
ცნობისთვის, 2023 წლის აგვისტოში ამ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია განახორციელა ყოფილი დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტმა“, თუმცა 2023 წლის 16 ოქტომბერს გარიგება შებრუნდა და ქონების მესაკუთრედ კვლავ „ქართუ ფონდი“ დარეგისტრირდა, აქედან ორ კვირაში კი ტერიტორიას ახალი მყიდველი გამოუჩნდა.