სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, მათი დატვირთულობა შემცირებულია.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კოტე გაბრიჩიძე, რომელიც თბილისის მასშტაბით ხუთ ობიექტს მართავს, აცხადებს, რომ ვიზიტები განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შემცირდა. როგორც მან BMG-ის განუცხადა, შექმნილ ვითარებაში, სარესტორნო ბიზნესი ყველანაირად ცდილობს, რომ კადრები შეინარჩუნოს.
„დეკემბრის პირველი სამი კვირა სარესტორნო ბიზნესისთვის ყოველთვის ჩავარდნილია ხოლმე. წელს კი დაემთხვა ისიც, რომ საპროტესტო აქციებია, ძალიან გვიხარია, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, თუმცა ეს ბიზნესს ურტყამს. დაახლოებით 1/3-ით უფრო უარესი სურათი გვაქვს, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. კადრები კბილებით გვიჭირავს, იმიტომ რომ ზოგადად ამ სექტორში კადრები ჭირს“, – განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის თქმითვე, შემოსავლების შემცირების ფონზე, სარესტორნო ბიზნესს გადასახადების გადახდა უჭირს.
„კიდევ უარესი თვეა იანვარი, თებერვლის პირველი სამი კვირაა კატასტროფაა და პლიუს, არამგონია, ეს ვითარება მალე დამთავრდეს. ვიღაც ნამდვილად ვერ გაუძლებს, ძლივს გადავიხადეთ იჯარა, დღგ. მთავრობა კი საუბრობს სტუმართმასპინძლობის სექტორის დახმარებაზე, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთან არავითარი კონსულტაციები არ ყოფილა“, – აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ.