გაფართოების ევროკომისარი მარტა კოსი მიესალმება 2025 წლის სახაროვის პრემიის ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელისთვის გადაცემას.
„შესანიშნავი არჩევანია 2025 წლის სახაროვის პრემიისთვის. ძლიერ ლიდერებს არ ეშინიათ დამოუკიდებელი ჟურნალისტების. როდესაც ჟურნალისტებს აჩუმებენ, რეპრესიები და კორუფცია ყვავის. ჩვენ გვჭირდება მეტი დამოუკიდებელი ხმა, როგორიცაა ანდჟეი პოჩობუტი და მზია ამაღლობელი. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, — წერს მარტა კოსი X-ზე.
2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები — „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და პოლონელ-ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი — გახდნენ.
სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.
ანდჟეი პოჩობუტის კანდიდატურა ნომინირებული იყო ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის (ECR) მიერ, მზია ამაღლობელის — რასა იუკნევიჩიენესა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან ევროპარლამენტის 60 წევრის მიერ. ფინალისტების სიაში ორივე ნომინაცია ერთ კანდიდატურად გაერთიანდა.
