გვიან ღამით ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონში რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. ქარმა თელავში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
ძლიერი ქარის შედეგად ასევე მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, სპეციალური კომისია მუშაობს და ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით დაეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას.
რეგიონში ამ დრომდე უამინდობაა.
სტიქიაა შიდა ქართლშიც. ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე ლოკაციაზე წაიქცა ხეები. ამის შესახებ ინფორმაიას “ქართლი ამბები” ავრცელებს.
ხაშურის მერიის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მოქალაქეთა ოპერატიული დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 0368 24 15 02.




