კოალიცია “ძლიერი საქართველოს” თოთხმეტმა წევრმა პარლამენტს ინდივიდუალური განცხადებებით მიმართა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა:
“საქართველოში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ივანიშვილმა ჩაატარა სპეცოპერაცია და ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ დავსხდეთ იმ პარლამენტში, სადაც არიან შულერები, მიმტაცებლები და ჩვენი ქვეყნისთვის მომავლის წამრთმევები. დღეს ჩავაბარეთ განცხადება და დაველოდებით რეაგირებას.”
მისივე თქმით, ახალი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება:
“მაქვს რწმენა, რომ ამ ქვეყანას დავაბრუნებთ ევროინტეგრაციის გზაზე და ძალიან სერიოზულ ქვეყანას ავაშენებთ. ხოლო, ეს რუსული მთავრობა იქნება ბილეთების ძებნაში, როგორ გაიქცეს აქედან,” – აღნიშნა ხაზარაძემ.
დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ,პარლამენტს ინდივიდუალურად ასევე მიმართეს “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრებმა. ხოლო, ერთიან ნაციონალურ მოძრაობის წევრებს ჯერ არ მიუმართავთ.
· მანამდე, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს მიმართა.
· 26 ნოემბერს ცესკომ პარტიული სიები გაუუქმა სამ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას-„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
· შესაბამისად, ამ გაერთიანებების პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს რეგისტრაცია გაუუქმდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები სადეპუტატო მანდატებს დატოვებენ, მათ პარლამენტში პარტიული სიიდან ადგილმონაცვლე აღარ ეყოლებათ.
ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა სიების ჩახსნის გადაწყვეტილებას პარტია „გახარია – საქართველოსთვის“. როგორც გიორგი გახარია აცხადებს, საპარლამენტო მანდატებს მაშინ დატოვებენ, როცა ამას თავად ჩათვლიან საჭიროდ. გახარიას თქმით, მისი პარტია პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, თუმცა სხვა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე ისინი არც საარჩევნო სიების ჩახსნას და არც მანდატების დატოვებას აპირებენ.