ძიძამ 3 წლის ბავშვს სცემა | ექსკლუზიური ჩანაწერი და მძიმე ისტორიები ვარკეთილის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან

საბავშვო ბაღის მოძალადე ძიძა – ნაცემი 3 წლის აღსაზრდელია. მას ძიძამ წიხლი ჩაარტყა. მცირეწლოვანზე ძალადობის მძიმე ფაქტი ვარკეთილის 164-ე საჯარო ბაღში მოხდა.
აღმოჩნდა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა დირექტორი ამ ფაქტებს დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. რეაგირება კი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ძიძამ – ნანა ყავრიშვილმა მის შვილიშვილზეც იძალადა.
მშობლები ეჭვობენ, რომ ბაღის აღსაზრდელებს არასათანადოდ ეპყრობიან სხვა ძიძებიც, მაგრამ მტკიცებულება არ ჰქონდათ, ახლა ისინი შესაბამის რეაგირებას ელოდებიან, თუმცა იმედი არ აქვთ, რადგან მოძალადე ძიძა ფაქტის გახმაურების შემდეგ ბაღიდან თავად წავიდა, პირადი განცხადების საფუძველზე, აღმზრდელი კი რომელიც შეესწრო ბავშვის ცემას და არაფერი მოიმოქმედა, ისევ აგრძელებს მუშაობას, თანამდებობას ინარჩუნებს დირექტორიც.
164 საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო. სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს 3 წლის ბიჭის დედა. მანანა ეუაშვილი დირექტორის, აღმზრდელისა და ძიძის დასჯას ითხოვს. პარალელურად კი ძიძა მის მიერვე ნაცემი ბავშვის დედასთან საქმის დალაგებას პირადი კავშირებით ცდილობს.
მომხდარზე ინფორმირებულია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოც. პრესსამსახურის ცნობით ისინი საჭირო ზომებს ისინი გამოძიების შედეგების შესაბამისად მიიღებენ. ახლა მთავარია დასჯის თუ არა საგამოძიებო უწყება ერთი მხრივ სავარაუდო დამნაშავეს და მეორე მხრივ მათაც ვინც ბაღში აღმზრდელებისთვის ჩაბარებულ ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს მალავდნენ.