ჩინეთში მეცნიერებმა სენსაციური “ძვლის წებო” გამოიგონეს. შემუშავებულ ნივთიერებას რამდენიმე წუთში ისეთი მოტეხილობის შეხორცება შეუძლია, რომელსაც, ტრადიციულად თვეები ესაჭიროება ხოლმე.
· პროდუქტი სახელწოდებით “Bone-02” ჩინურმა კვლევითმა გუნდმა შეიმუშავა და როგორც ამბობენ, მათი შთაგონების წყარო ხამანწკები იყო.
ჰანჯოუში სერ რან რან შოუს საავადმყოფოს ორთოპედიის ასოცირებულმა ქირურგმა, ლინ სიანფენგმა განაცხადა, რომ წებოვანი მასა ზუსტი ფიქსაციის მიღწევას წუთებში, სისხლით მდიდარ გარემოშიც კი უზრუნველყოფს.
კვლევის მიხედვით, წებოვანი დამუშავება ერთჯერადი ინიექციის სახით ხორციელდება და ის “დამსხვრეული ძვლის ფრაგმენტებს სულ რაღაც 3 წუთში ამაგრებს”.
“ერთ-ერთ კლინიკურ შემთხვევაში, პაციენტს, რომელსაც მაჯის მოტეხილობა ჰქონდა, ერთი ინიექცია გაუკეთეს და სულ რაღაც 3 წუთში განიკურნა,“ – იტყობინება ადგილობრივი მედია.
გამოცემის ცნობით, ტრადიციულად, მაჯის აღსადგენად საჭირო იქნებოდა ოპერაცია, ლითონის ფირფიტისა და ხრახნების ჩასმა, რომელთა ამოსაღებად მეორე წელს ხელახალი ოპერაციის გაკეთება მოუწევდა პაციენტს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ძვლის წებოს გამოყენებიდან სამი თვის შემდეგ დადგინდა, რომ პაციენტის მაჯის მოტეხილობა სრულიად შეუხორცდა, ყოველგვარი გართულებების გარეშე.
მეცნიერების თქმით, ისინი ხამანწკებით იყვნენ შთაგონებულნი – კერძოდ, მათი უნარით, მიეკრან ისეთ წყალქვეშა ზედაპირებს, რომელთა ტრადიციული წებოვანი საშუალებებით დაწებება სირთულეს წარმოადგენს. ჩვეულებრივი წებოსგან განსხვავებით, ხამანწკების მიერ გამოყოფილი ბუნებრივი წებო მარილიან, სველ და მუდმივად მოძრავ გარემოში წნევისა და ეროზიისადმი მდგრად შეწებებას უზრუნველყოფს.
ნივთიერების გამომგონებლების თქმით, “Bone-02” -ს ორგანიზმი ბუნებრივად იწოვს ძვლის შეხორცებისას, რაც იმპლანტის მოსაშორებლად მეორე ოპერაციის საჭიროებასაც გამორიცხავს. ამავდროულად, საწყისი ტესტები აჩვენებს, რომ ძვლის წებოს გამოყენება ნაკლებ ინფექციას იწვევს, ვიდრე ლითონის ფირფიტების ჩადგმის პროცედურები.
წყარო: nypost
ambebi.ge/
