„ძვლები, ნეკნები დამტვრეული აქვს“, – ამბობს ოკუპირებულ გალში სასიკვდილოდ ნაცემი თემურ კარბაიას რძალი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ კარბაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 43 წლის კაცი ე.წ. სამართალდამცავებმა, სასტიკად სცემეს და ის მიყენებული ტრავმებით კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის რძალი, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, ამბობს, რომ თემურ კარბაია სამმა ე.წ. მილიციელმა რამდენიმე დღის წინ დააკავა ოკუპირებულ ქალაქ გალში და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოგვიანებით, კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. თემურ კარბაია 9 დეკემბერს, ღამით გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება – დაჟეჟილობა და მოტეხილობა.
„ყველგან აქვს დაზიანებები. განადგურებულია, ნეკნები, გვერდები, ძვლები დამტვრეული აქვს… ფაქტი გუშინ წინ მოხდა. ამის შემდეგ კომაში იყო და გუშინ ღამე გარდაიცვალა საავადმყოფოში… ჯერ-ჯერობით სხვა არაფერი ვიცით. არ ვიცი, ექსპერტიზა ჩაუტარდა თუ არა ცხედარს…გამოძიება თუ დაიწყო, არც ეს ვიცით. ქუჩაში მიდიოდა და დააკავეს. მარტო ეს ვიცით. სამი ადამიანი სცემდაო“, – უთხრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს თემურ კარბაიას ძმის ცოლმა.
დააკავეს თუ არა ინციდენტში მონაწილე ე.წ. სამართალდამცავები, უცნობია. ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი მედია მომხდარის შესახებ ცნობებს ჯერ-ჯერობით არ ავრცელებს.
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშრებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი. გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა, არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის პროცესი“.
43 წლის თემურ კარბაიას გარდაცვალებას X პლატფორმაზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი:
„ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თეიმურ კარბაია დაიღუპა – ეს ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. მწუხარე 75 წლის იუბილე!“
ინფორმაცია გალის ე.წ. მილიციელების მიერ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ ცემის შესახებ თავდაპირველად 9 დეკემბერს, ღამით გავრცელდა სოციალურ ქსელში. თემურ კარბაია გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი იყო. მოკლულის ძმა, ჯუმკა კარბაია კი ოჯახთან ერთად წლებია ზუგდიდში ცხოვრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა