ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ აშორებთ ხალხს ევროკავშირს – ევროკომისარი კოსი

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდებს, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.
„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, მათი მთავრობა ეუბნება მოქალაქეებს, რომ ისინი მათ ევროკავშირში შეჰყავთ“, – თქვა მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე.
„ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირში. თქვენ აშორებთ თქვენს ხალხს ევროკავშირს.
თუ ევროკავშირს სერიოზულად უყურებთ, მაშინ მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ციხეში ჩასმა ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტებისა, რომლებიც თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ.
შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ“.
მანამდე კი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ სანქციების დაწესებაზე მუშაობა გრძელდება:
„როგორც იცით, ჩვენ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ მთავრობის წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც ძალადობას იყენებენ მშვიდობიანი მომიტინგეების და მსგავსი პირების წინააღმდეგ საქართველოში“.
„ჯერჯერობით, ყველა წევრი სახელმწიფო არ არის ჩვენი მხარდამჭერი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხების მოგვარების სხვადასხვა გზების მოსაძებნად“, – განაცხადა კაია კალასმა.
მარტა კოსმა კი დაამატა, რომ „მკაცრი ზომები, რა თქმა უნდა, წევრი სახელმწიფოების ხელშია“, თუმცა ევროკომისია სხვა ნაბიჯებზეც ფიქრობს:
„იმედია, ნოემბერში გვექნება ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმი, რაც შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცრუ ნარატივების და მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ვისმენთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რთულია გამორიცხო რაიმე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ერთადერთი, რასაც ისინი აზიანებენ, აზიანებენ საკუთარ თავს