ლიტერატურათმცოდნე ქეთი ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში ახალგაზრდებს მიმართავს:
,,ძვირფასო ახალგაზრდებო,
მოგმართავთ თქვენ. გამარჯვების ფორმულა წერია იმ წიგნში, რომელიც სკოლებში შეგაზიზღეს და რომელიც 5 საუკუნის განმავლობაში დევნილი იყო ჯურღმულების ბნელ ბინადართა მიერ. ეს წიგნი “ ვეფხისტყაოსანია” და სწორედ იქ წერია პასუხები ყველა იმ შეკითხვაზე, რომლებიც ოდესმე გაგიჩნდებათ.
რა წერია “ვეფხისტყაოსანში”: ნაწარმოების გმირები მიზნად ისახავენ ქაჯეთის დამარცხებასა და იქიდან მთავარი ფასეულობის გამოხსნას. რა არის ქაჯეთი. ქაჯეთი არის ტოტალიტარული სისტემა, რომელიც დგას ავაზაკობასა და ძალადობაზე, ხოლო მას იცავს ძლიერი ძალოვანი სისტემა. იქიდან თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორ ახერხებენ ამ სისტემის დამარცხებას გმირები:
1.პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ამბავი, რომელიც ტარიელს გადახდა არ უნდა დარჩეს მის პირად ისტორიად, ის უნდა გაიგონ სხვებმაც და გახდნენ ამ სატკივრის თანამონაწილენი. ეს ჩვენ უკვე მოვახერხეთ.
2.ყველა გმირმა უნდა გაიაზროს ტარიელის ამბის გლობალური მნიშვნელობა და მიხვდნენ, რომ ეს მათთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ესეც წარმატებით შევძელით
3. უნდა შედგეს ერთობა: სიყვარულის ტარიელი, რწმენის-ავთანდილი, იმედისა -ფრიდონი და სიბრძნის -ფატმანი. მეტ-ნაკლებად ესეც მოვახერხეთ.
4. საჭიროა საგანგებო ინსტრუმენტი, რომლითაც ქაჯეთი უნდა დამარცხდეს. ის დევს გამოქვაბულში, რომელშიც ტარიელი დასახლდა მას შემდეგ, რაც დაამარცხა დევები. ეს გზაც გავიარეთ დავამარცხეთ პროპაგანდა და დასავლეთის ურყევი მხარდაჭერაც მივიღეთ, რაც ის სპეციფიკური ინსტრუმენტია, რომლითაც მარცხდება მტერი.
5. მაგრამ ფინალური ბრძოლა უნდა მოიგოს სწორმა სტრატეგიამ. სამივე გმირი გამოთქვამს თავის გამარჯვების ფორმულას. ავთანდილისა და ფრიდონის გეგმა ინდივიდუალურ გმირობას ეფუძნება, ტარიელისა კი კონსოლიდირებულ მოქმედებას -შეტევა ერთდროულად და ყოველი მხრიდან.
ჩვენ ახლა ქაჯეთის ციხის მისადგომებთან ვართ, ყველა ინსტრუმენტით ხელში, ახლა კი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, ვირჩევთ თუ არა ტარიელის გზას. შეცდომის უფლება არ გვაქვს, ნესტანი -ჩვენი სამშობლო განსაცდელშია.”