“ძვირს ვიხდით, მაგრამ სათანადო მომსახურებას ვერ ვიღებთ”- მოსახლეობას დენი, გაზი და წყალი სულ უფრო ხშირად უწყდება

დედაქალაქში კომუნალური სერვისის მიწოდების საკითხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფაქტობრივად, დენი, გაზი, წყალი მოსახლეობას მუდმივად შეფერხებით მიეწოდება და მიზეზად, უმეტესწილად, ავარიული მდგომარეობა სახელდება. ცალსახაა, რომ კომპანიები კეთილსინდისიერად ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. თითქმის ყოველდღიურად ხდება შეფერხება ამა თუ იმ უბანზე წყალის, შუქისა და ბუნებრივ აირის მიწოდების მხრივ. ეს კი ქმინს დისკომფორტს როგორც მოსახლეობაში, ასევე ხელი ეშლება ბიზნესს თავიანთი საქმიანობის უხარვეზოდ შესრულებაში და ა.შ. ეს პრობლემაა სახლიდან დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვისაც.
სპეციალისტები ცალსახად აღნიშნავენ, რომ კომპანიები ვერ ახერხებენ მომხმარებელს სრულყოფილი მომსახურება გაუწიონ. აუდიტორი, ბიზნესის სამართლისსპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბოლო პერიოდში სფეროს გაუმართავმა მუშაობამ სისტემური ხასიათი მიიღო.
,,რა თქმა უნდა, მომხმარებლის უფლება რომ ირღვევა ეს ცალსახაა, რადგან სფეროების გაუმართავმა მუშაობამ სისტემური სახე მიიღო. შეიძლება იყოს რაღაც ავარიული მდგომარეობა, მაგრამ იმდენად ხშირია გათიშვა, რომ მარტო ფიზიკური პირის კი არა, ბიზნესის უფლებებიც ირღვევა. საკითხის გასამარტივებლად, კომპანიებმა მიაგნეს შემდეგ ხერხს – გაითიშება თუ არა სმს-ებს უგზავნიან მოსახლეობას, რომ აქედან აქამდე შეუწყდათ, მაგრამ იმის პრევენცირება თუ რატომ წყდება ან შემდგომში ანგარიშგება, რომ პრობლემა აღმოიფხვრა და არ განმეორდება, აღარავის ახსოვს. ამით არღვევენ და გვერდითი ავლა ხდება მომხმარებლის უფლებების.
დენი, წყალი და გაზი ის კატეგორიააა, რომელსაც ცალკე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის კანონმდებლობა იცავს. შესაბამისად, მას ჰყავს ენერგოომბუდსმენი. როდესაც სფეროში პრობლემებია, ეს მკვდარი ინსტიტუტი უფრო აქტიური უნდა იყოს. უნდა სცემდეს შექმნილ კითხვებზე ამომწურავ პასუხს, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შედეგიც სახეზე გვაქვს. ენერგოომბუდსმენმა სემეკის ინტერესები კი არა, ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლება უნდა დაიცვას. საერთო ჯამში ვერცერთი კომპანია ვერ ასრულებს კეთილსინდისიერად მასზე დაკისრებულ მოვალეობას”, – აღნიშნა ჩარგეიშვილმა.
მომხმარებელი დადებით შედეგამდე, რომ მივიდეს და პრობლემა შემსუბუქდეს, საჭიროა შექმნილ დისკონფორტზე ბევრი ითქვას, დაიწეროს, გააქტიურდეს ყველა და აღშფოთება საჯაროდ გამოხატონ.
,,რაც შეეხება, საზოგადოებას, მომხმარებელი ბიზნესიც არის. წვრილი საცხობები, სასადილოები, ბარ-რესტორნები, მაღაზიები, სალონები, პატარა საასტუმროები და ა.შ. უამრავი რამ არის დაკავშირებბული ამ სფეროსთან, ვფიქრობ, ისინი უნდა გააქტიურდნენ და აღშფოთება გამოხატონ საჯაროდ. შესაბამის უწყებებს წერილობით მიმართონ და შესაძლებელია ეს სასამართლომდეც მივიდეს.
რაც შეეხება კომუნალურების გადახდას, ამ კუთხით ისეთი სისტემაა, რომ თანხები სრულყოფილად შედის. ენერგოსექტორში ფასის რეგულირება ბუნებრივი მონოპოლიის ნაწილია. აქედან გამომდინარე მარეგულირებელი არის დამოუკიდებელი კომისია, ხოლო იმას, ვისაც არეგულირებენ, ესენი კონკრეტული მომწოდებლებია. ტარიფი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად ძვირს ვიხდით, მაგრამ კომფორტი მივიღოთ, სერვისი გვქონდეს. საბოლოოდ კი გამოდის, რომ ძვირსაც ვიხდით და სათანადო მომსახურებასაც ვერ ვიღებთ”, – განაცხადა ჩარგეიშვილმა.
ფაქტია, როდესაც მომხმარებელი ვერ იხდის გადასახადს, მას მომსახურებას უწყვეტენ, ხოლო თვითონ რომ ვერ ასრულებენ სრულყოფილად მათზე დაკისრებულ მოვალეობას პასუხისმგებელი არავინაა. ცხადია, მიდგომა უსამართლოა. ანალიტიკოსმა მერაბ ჯანიაშვილმა ცალსახად აღნიშნა, რომ საკითხის მოგვარებაზე და სფეროში შექმნილ პრობლემებზე პასუხისმგებელი ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიაა.
,,მარეგულირებელ კომისია არის უშუალო პასუხისმგებელი და დამოუკიდებელი ორგანო. სფეროში არსებულ საკითხებზე და პრობლემებზე ზრუნვაც მათი მოვალეობაა. დენის, გაზისა და წყლის კომპანიებზე ზედამხედველობა მას აკისრია და მომხმარებელთა უფლებების დაცვაც ამ მიმართულებით მათი კომპეტენციაა. მათ შეუძლიათ მარეგულირებელს საჩივრებით მიმართონ. იქვეა ომბუდსმენიც, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს იცავს. თუმცა, ვერ გეტყვით რამდენად სრულყოფილად და საფუძვლიანად განიხილავენ აღნიშნულ საკითხებს. ასევე შესაძლოა პრეტენზიებით თბილისის მერს და ხელისუფლებას მიმართონ, მაგრამ პასუხიმგებელი პირდაპირ ენერგოომბუდსმენია და საბოლოოდ მაინც მათთან გადაამისამართებენ.
ხელშეკრულების პირობების თანახმად შესაძლებელია სასამართლოშიც იჩივლოს ადამიანმა, მაგრამ რამდენად ექნება შედეგი ამ საჩივარს ძნელი სათქმელია. თავად მარეგულირებელ კომისიას აქვს უფლება დააჯარიმოს ესა თუ ის კომპანია დარღვევებზე, თუმცა ვერ გეტყვით ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ზომებს მიმართავს”, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
დამაიმედებელ განცხადებას ვერც ენერგოომბუდსმენის აპარატიდან ვისმენთ. ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა დაადასტურა, რომ ეს საკითხი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პრობლემური გახდა და თითოეულ წყვეტას თავისი მიზეზი აქვს.
„დენის, გაზის, წყლის მიწოდების შეზღუდვა, რომელიც ბოლო პერიოდში დედაქალაქის მასშტაბით გახშირდა, როგორც წესი, არის ორგვარი: ავარიული და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული, მაგრამ მომხმარებელს ეს არ აინტერესებს.
ვერ ავცდებით ამ პროცესებს, ამიტომ ჩვენი სამსახური, კომისიასთან ერთად, მუშაობს იმაზე, რომ მოხდეს ნელ-ნელა ამ პრობლემების საფუძვლიანი მოგვარება.
თითოეულ წყვეტას თავისი მიზეზი აქვს. მთავარია, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირებულობა. ეს საკითხები დარეგულირდება და იმედი მაქვს, მალე ნაკლებად პრობლემატური იქნება,“ – განაცხადა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა.
წყარო: რეზონანსი