ძვირადღირებული კურორტი გონიოში და Rotana-ს ბრენდის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – რას წარმოადგენს რუსული „პონტუსი“, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულში მოხვდა

ძვირადღირებული კურორტი გონიოში და Rotana-ს ბრენდის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – რას წარმოადგენს რუსული „პონტუსი“, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულში მოხვდა
2023 წლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები სიის ათეულში, პირველად მოხვდა სს „პონტუსი“, რომელიც გონიოში ხუთვარსკვლავიანი კურორტის განვითარებას ახორციელებს. პროექტი რუსულ ინვესტიციას წარმოადგენს და მისი მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რას წარმოადგენს საქართველოში უმსხვილესი რუსული ინვესტორი კომპანია. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ოპერატორმა Rotana-მ Pontus Capital-თან Pontus Rotana Resort & Spa Gonio-ს მშენებლობაზე ხელშეკრულება გასულ წელს გააფორმა. კომპანიის ინფორმაციით, საქართველოში ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Rotana-ს ბრენდის ქვეშ.
ძვირადღირებული კურორტი, რომელიც ს გარეუბანში მდებარეობს, 2027 წელს გაიხსნება, ხოლო პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 71 მლნ დოლარია.
„ბათუმი მართლაც ყველა სეზონის ქალაქია მომხიბლავი ბუნებრივი სილამაზით. ქართულ კულტურასა და ენას ღრმა კავშირები აქვს არაბულ სამყაროსთან, რაც ბუნებრივს ხდის ჩვენს პარტნიორობას Rotana-სთან“, – განაცხადა ხელმოწერის შემდეგ Pontus Capital-ის მმართველმა დირექტორმა ირაკლი ვარშალომიძემ.
ახალი სასტუმრო, რომელიც მფლობელების შეფასებით, ტრადიციულ არქიტექტურასა და თანამედროვე სტილს აერთიანებს, 600 ნომერს მოიცავს. პროექტი ითვალისწინებს ასევე კერძო პლაჟს, რესტორნებს, სპა-ს, დახურულ და გარე აუზებს, ჯანმრთელობისა და ფიტნეს ცენტრს და ბავშვთა ინტერაქტიულ სათამაშო ზონას.
„მოდური არქიტექტურის, მრავალფეროვანი რესტორნითა და ზღვისპირა რეზიდენციებით, Pontus Rotana Resort & Spa-ს სტუმრები შეიგრძნობენ ჩვენს საფირმო პრინციპს „ძვირფასი დრო“, – თქვა გაი ჰაჩინსონმა, Rotana-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
სს „პონტუს“ დირექტორი ნათია ვარშალომიძეა, რეესტრის ბოლო მონაცემებით კომპანიის განთავსებული კაპიტალი 95 მლნ ლარამდეა.

ასევე დაგაინტერესებთ