“ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია…” – რატომ ეძახიან ლევან წულაძეს “ჭოლას”

“- მე, ლევან წულაძე, ვარ ქართული თეატრის ქართველი რეჟისორი.
მოგონება ბავშვობიდან…
– მახსოვს, როგორ მომნათლეს სვეტიცხოველში, ძალიან პატარა ვიყავი, 3-4 თვის. შეიძლება არ მახსოვს და დამესიზმრა. იესოს ხატი მახსოვს და ორი ბავშვი, რომელიც იქ თამაშობდა. ტირილი არ მინდოდა, მაგრამ მაინც დავიწყე და ნათლიაჩემის ხმა გავიგონე – აი, დაიწყო ახლა ტირილიო. ეს რატომღაც ასე მახსოვს…
ჩემი სუპერ ძალა…
– ჩემი წონა, რომელიც ახლა ცოტა შევამცირე, მაგრამ 6 თვის წინ რომ დავტაკებოდი ამ კარს, გავანგრევდი. სხვა სუპერ ძალები არ მაქვს. კეთილი ღიმილი მაქვს (იცინის).
ჭოლა…
– ჭოლას იმიტომ მეძახიან, რომ მამაჩემსაც ჭოლას ეძახდნენ, პასპორტში სხვა სახელი ეწერა. სკოლაში რაღაც პერიოდი მამის სახელებს ვეძახდით ბიჭები ერთმანეთს და მე შემრჩა, რადგან მომწონდა ეს სახელი. მერე მამა გარდაიცვალა და მეამაყება, რომ რაღაცნაირად ვაგრძელებ მის არსებობას.
როდესაც ბაბუა გავხდი…
– უიმე, აირია ყველაფერი. ჩემი შვილიშვილი ჩემთან რომ მოდის, ვშეშდები. მორიდებული, მშიშარა ბაბუა ვარ.
მენატრება…
– ჩემი მეგობრები, რომლებიც აღარ არიან ცოცხლები, ბავშვობის მეგობრები. სამყაროს მეორე ნაწილზე არიან, დროს ატარებენ და ვიცი, რომ ერთ დღეს მეც შევუერთდები მათ, ამიტომ ძალიან ტკივილით არ განვიცდი ამ ამბავს, რადგან ვიცი, რომ მომავალში შესანიშნავი შეხვედრა გველოდება.
რეჟისორობა მეგონა…
– რაც მეგონა რეჟისორობა, ის აღმოჩნდა, ოღონდ ამას 15 წლის მერე მივხვდი. რთული და შესანიშნავი პროფესია.
მარტო მე ვიცი…
– ვიცი კი საერთოდ რამე? სოკრატეს მიხედვით, მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი.
ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია: „ლევან, იცოდე, მე ყველაფერი მესმის“. ეს მარტო მე ვიცი.
ჩემი თავგადასავალი იწყება…
– არ ვიცი, შეიძლება ჯერ არ დაწყებულა, ყველაფერი წინ მაქვს. შეიძლება ზეგ მეკობრე გავხდე, ბავშვობისას ვოცნებობდი, გემზე ვიქნებოდი ცნობილი კორსარი ლევანა. შეიძლება ამ თეატრიდან დაიწყო, ან პირველი, მეორე ან მესამე თეატრიდან… ყოველ პიესასთან ერთად, ახალი თავგადასავალი იწყება.
შთაგონება რომ მხოლოდ ერთი ადამიანი იყოს…
– მეუღლე, ჩემი შვილი და დედაჩემი, რომელიც ზემოდან გვიყურებს… რომელია, არ ვიცი. სამივე იქნებოდა ერთ პიროვნებაში გაერთიანებული.
არ მინდა, რომ დამავიწყდეს…
– დილით რომ ავდგებოდი ხოლმე, დედაჩემს ცოტა ისე თუ ჩავუვლიდი – შენ ხომ არ დაგავიწყდა ვინ ხარო, – მეტყოდა, არავინაც არა ხარო (იცინის). ალბათ ეს არ მინდა დამავიწყდეს. ყველა ჩვეულებრივი, პატარა ადამიანები ვართ.
ვიმოგზაურებდი ნაწარმოებში…
– დანტეს „ღვთაებრივ კომედიაში“, იმ გზას გავივლიდი. პირველ ორ შრეში შესანიშნავი საზოგადოებაა, ჩემთვის საინტერესო ადამიანები, მოუნათლავები – არისტოტელე, სოკრატე.
წუთები პრემიერამდე…
– ძალიან სევდიანია. არავის აღარ ვჭირდები, სპექტაკლი მე აღარ მეკუთვნის, მსახიობები იბარებენ, ყველაზე არასაჭირო ადამიანი ვარ და არ ვიცი, რა ადგილი ვიპოვო, სად მივეჭეჭყო… მაგრამ მერე ვიგონებ, ვითომ საჭირო ვარ.
რაც სიყვარული მგონია…
– სიყვარული ცვალებადია, ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულს ვგულისხმობ. სულ სხვა არის პირველი სიყვარული, მეორეც, გვიანიც, უკანასკნელიც და ეს შეიძლება მხოლოდ ერთ ადამიანზე იყოს კონცენტრირებული. არ არის აუცილებელი ტანსაცმელივით იცვალო პიროვნება. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება შეგიყვარდეს მილიონჯერ და სხვადასხვანაირად.
ადამიანი თუ ფიქრებს ვერ დამალავდა…
– დავიღუპებოდით, კაცო (იცინის). საშინელება იქნებოდა, ბოროტი, ავი ხალხი ივლიდა, რასაც ადამიანი საზიზღრობებს ფიქრობს, ის ყველაფერი თუ ამოეფრქვა, მტერსა და ავს. ფიქრების დამალვა არის მთავარი, ენაზე რაც მოგადგება ყველაფერი თუ თქვი… ადამიანი იმიტომ ხარ, რომ ჯერ დასკვნა გააკეთო და მერე თქვა.
ერთი სიტყვა…
– გენაცვალეთ” – თქვა ლევან წულაძემ “მთავარის” გადაცემაში – “შენი დილა” – “კითხვების გარეშე”.
ლევან (ჭოლა) წულაძე ქართველი რეჟისორი და კინომსახიობია. 2006 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დღეს ხელმძღვანელობს საკუთარ ტეატრს Theatre Factory 42 • თეატრი სახელოსნო 42.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო. (1992). გადაღებულია ფილმებში:„მეჯლისი გაყიდულ სახლში“ (1985), „ვარიაცია „ოტელოს“ თემაზე“ (2003), „ერთი ლეღვი გზაზე“ (2004), „უსუი“ (2005). დადგმული აქვს სპექტაკლები თეატრალური ინსტიტუტის, მარჯანიშვილის თეატრის, თეატრალური სარდაფის, რუსთაველის, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და რუსთავის მუნიციპალური თეატრის სცენებზე. მინიჭებული აქვს სანდრო ახმეტელის სახელობისა და საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის პრემიები (2005), ღირსების ორდენი (2005), თეატრალური პრემია „დურუჯი“, (2009).