ძველი პირადობები 1-ელი ივლისიდან უქმდება – რამდენმა ადამიანმა შეცვლა ლამინირებული ID?

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები უქმდება.
იუსტიციის სამინისტრომ არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლება 2024 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, აქტიური არაელექტრონული პირადობის მოწმობის შესაცვლელად, 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს 100 464-მა ადამიანმა მიმართა და მათ შორის, უკვე დამზადებულია 93 130 პირადობის ელექტრონული მოწმობა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვების საპასუხოდ გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.
რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენმა ადამიანმა უნდა შეცვალოს ძველი მოწმობა, სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, აქტიური ძველი ტიპის პირადობის მოწმობა 266 915 იყო. ამ მონაცემებიდან საქართველოს მოქალაქის აქტიურ ბიომეტრიულ პასპორტს კი 48 286 ადამიანი ფლობდა.