ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. შენობების დიდი ნაწილი ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. რამდენიმე ქუჩაზე პროცესი ნაწილობრივ დასრულებულია.
ძველი ბათუმის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს შეისყიდა. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „საბა კონსტრაქშენთან“ 2023 წელს გააფორმეს.
პროექტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 200 მილიონი იხარჯება, საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ.
ახლახან „ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემული 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პროექტი პრობლემურია. თუმცა, არავის დაუზუსტებია ამ პრობლემურ პროექტებში ხომ არ არის ისტორიული ბათუმის რეაბილიტაციის ან ბათუმში, გმირთა ხეივნის მოწყობის პროექტი.
ძველ ბათუმში შენობები ისევ ხარაჩოებში და მწვანე ან შავ სამშენებლო ბადეშია გახვეული
ტროტუარების ნაწილი ისევ გადათხრილია
ჯერ ისევ არ ვიცით, კონკრეტულად, რომელი სპეციალისტების ჩართულობით მოამზადა „საბა კონსტრაქშენმა“ ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტი და მონაწილეობდნენ თუ არა ამ პროცესში ხელოვნებათმცოდნეები, ვისაც იმ საზოგადოების ნდობა აქვთ, რომლებიც ძეგლებს იცავენ და მათი ავთენტური სახით შესანარჩუნებლად ხან საპროტესტო აქციებს მართავენ, ხან კი სასამართლოში ასაჩივრებენ გადაწყვეტილებებს.
ზოგიერთ ქუჩაეზე სამშენებლო მტვრის ბუღი დგას
უფრო მეტიც, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაცია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი სპეციალისტები იყვნენ ჩართული არქიტექტორულად და ისტორიულად მნიშვნელოვანი შენობების, კულტურული მემკვიდრეობის კანონით დაცული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ადგილზე მუშების ნაწილი, ვისთან გასაუბრებაც შევძელით, ამბობს, რომ რესტავრატორი არ არის.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ძველ ბათუმში
ამ საკითხზე მუშაობისას „ბათუმელები“ დავუკავშირდა „საბა კონსტრაქშენსაც“ , თუმცა აქ გვითხრეს, რომ ყველა კითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, ანუ დამკვეთისთვის უნდა მიგვემართა.
მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალურად წერილობით მოვთხოვეთ იმ პირთა ჩამონათვალი, ვინც ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტი მოამზადა, მათი კვალიფიკაციის მითითებით. ასევე ფონდიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, ვინც ზედამხედველობას უწევს რეაბილიტაციის პროცესს, მათი სახელ-გვარების და კვალიფიკაციის მითითებით. ფონდიდან არასრულად გვიპასუხეს – თავი აარიდეს მთავარ კითხვას, კონკრეტულად ვინ, რომელმა სპეციალისტებმა მოამზადეს ძეგლების რეაბილიტაციის პროექტი.
ფონდის პასუხი
ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები ძველ ბათუმში გრძელდება
ამ პროექტის ფარგლებში უკვე დახარჯულია 179 მილიონი ლარი, ჯამში კი 200 მილიონი ლარია გამოყოფილი.
რამდენად ეფექტურია სამუშაოების მიმდინარეობის, ხარისხის და ხარჯვის კონტროლი? – კითხვები ამ და სხვა პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში ახორციელებს, „ბათუმელებს“ ადრეც ჰქონდა, თუმცა პასუხებს ვერ ვიღებდით. 2025 წლის ოქტომბერში, უკვე ოფიციალურად გავიგეთ, რომ საქმე არც ისე კარგად მიდიოდა.
„ოცნების“ მთავრობაში ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პროექტი პრობლემურია. პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ დავით ტაბიძეს, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორია, აღკვეთი ღონისძიების სახით 300 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს.
30 ოქტომბერს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია დააკავეს. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო.
გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 სხვადასხვა ობიექტზე.
რაც შეეხება ძველი ბათუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პირობებს, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სამუშაოები სამი წლის ვადაში უნდა დასრულდეს. თუმცა, ხელშეკრულება მოქმედია 2029 წლამდე.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება ევალებოდა Design-Build მეთოდით.
ადგილზე არსებული ვითარების მიხედვით, სამუშაოების ნაწილი დასრულებულია მემედ აბაშიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე, მიმდებარე ქუჩებზე კი გრძელდება. რამდენიმე ათეული შენობის ფასადის დამუშავება ჯერ ისევ საწყის ეტაპზეა, რიგ ქუჩებზე გადათხრილია ტროტუარებიც.




