ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუღებელია ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
კალაძის თქმით, საუბარი იყო იმაზე, რომ “ძაღლებს წვავენ”, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტი არავის წარმოუდგენია.
“რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს. მე თბილისის მაგალითზე შემიძლია, ბევრი ვისაუბრო, თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში – იმდენი სტერილიზაცია/კასტრაცია გაკეთდა, რაც არასდროს ჩატარებულა.
გარდა ამისა, ხორციელდება ახალი პროექტები და გლდანში შენდება 500 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი. ეს, რა თქმა უნდა, კეთდება იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება ყველანაირად მოწესრიგდეს და გამართული იყოს. ზოგადად, ამ საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია.
მძიმე ფაქტებზე იყო საუბარი, ძაღლებს ცოცხლად წვავენო, თუმცა ამის არანაირი ფაქტი, ერთი კონკრეტული შემთხვევა არავის წარმოუდგენია. შესაბამისად, მსგავსი ინფორმაცია მიზანმიმართული ტყუილია.” – თქვა მან.
გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა – სეს
1 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქის თქმით, გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიაზე ცხოველებს წვავდნენ. სურსათის სააგენტომ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი და “საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა” უწოდა.
მიუღებელია ცოცხლად დაწვაზე ბრალდებები, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ – ავალიანი
დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლაშა ავალიანმა განაცხადა, რომ “ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს. შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით.”
რამდენიმე კვირაა, ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას.
აქტივისტების თქმით, სეს-ის და თავშესაფრების თანამშრომლები პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ. მათ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ “გატაცებულ ცხოველებს” თავშესაფრებში არ აჩვენებენ და არც ეუბნებიან, როდის და სად გადაიყვანენ მათ მიკედლებულ ძაღლებს.
ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს – 24 000+ მოქალაქის და 40-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 ეკიპაჟებმა, “შესაბამისი პროცედურების შემდეგ” გარემოში დააბრუნეს. მათი ცნობით, თავშესაფარში დარჩენილი 29 ძაღლი, “საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს”.
სეს-ი “არასწორ ინფორმაციას” უწოდებს ცხოველთა დამცველების ეჭვს, რომ ძაღლებს “აძინებენ”
აღსანიშნავია, რომ სეს-ის ეკიპაჟებმა ძაღლები ზუგდიდის თხილის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვეს. მიუსაფარი ცხოველები ზუგდიდში აქტივისტებმა დააბრუნეს. ცხოველთა დამცველი, ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან ამბობს, რომ 65 ძაღლიდან 28-ის წამოყვანა შეძლეს, დანარჩენი 37 მიუსაფარი ცხოველი კვლავ ქუთაისის თავშესაფარში რჩება.
“ზუგდიდში თხილის ქარხანასთან დატოვეს ძაღლები. დაახლოებით წაყვანილი ჰყავთ 65 ძაღლი, აქედან 28 ძაღლი ჩვენ დავაბრუნეთ და უკვე წავიყვანეთ ქალაქის ლოკაციებზე, სადაც ხალხს ჰყავს მიკედლებული, დანარჩენები ქუთაისის თავშესაფარში არიან. დანარჩენი ძაღლებიც უნდა წამოვიყვანოთ. მივალთ თავშესაფარში, მივიყვანთ მანქანებს, წამოვიყვანთ ძაღლებს და დავაბრუნებთ ქალაქში”, — ამბობს ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან სატელეფონო საუბარში.
ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩილიგავას თქმით, “სატესტო გასვლებისას” გამოვლინდა “მნიშვნელოვანი საჭიროებები”, მათ შორის, კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მისი მტკიცებით, ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში და ყველა ადამიანს წინასწარ ეცოდინება, რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია. მისივე მტკიცებით, “ვემიჯნებით, რომ ძაღლი თავისი ბუნებრივი არეალიდან იქნება გაყვანილი. საუბარი გვაქვს ლოკაციაზე, რომ კონკრეტულად არ იქნება ბაღში, არ იქნება ბაღის ეზოსთან, ჰოსპიტალთან, მაგრამ იქნება იმ არეალში მიმდებარედ.”