აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და მკაცრი ზომების გატარება დააანონსა.
„ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ რუსეთით. ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა – დაახლოებით 100-პროცენტიანი ტარიფები, მეორადი ტარიფები. ამ ომში დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ და გვინდა მისი დასრულება. ეს ჩემი ომი არ არის, ბაიდენის ომია. ეს ჩემი ომი არ არის, ვცდილობ, გამოგიყვანოთ ამ ომიდან. იმედგაცრუებული ვარ პუტინით, რადგან ვფიქრობდი, რომ ორი თვის წინ შეთანხმებას მივაღწევდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდა. ამის საფუძველზე, ჩვენ მეორად ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას.
დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობას მიწოდებას განაგრძობს, თუმცა ამჯერად ევროპელი მოკავშირეები გადაიხდიან ღირებულებას.
„ჩვენ საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობას ვამზადებთ მსოფლიოში – რაკეტებს, ყველაფერს. ევროპელებმა ეს იციან. დღეს შეთანხმებას მივაღწიეთ – ჩვენ ვუგზავნით მათ იარაღს და ისინი გადაიხდიან. ამერიკა არ გადაიხდის, ჩვენ ვამზადებთ და ისინი იხდიან. ნატო აიღებს პასუხისმგებლობას“, – აცხადებს ტრამპი.
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო იქნება ამ პროცესის მთავარი კოორდინატორი. ტრამპის თქმით, ამერიკა „ყველაზე მაღალი ხარისხის იარაღს“ შექმნის და ნატო-ს გადასცემს, რომელიც შემდეგ მას იქ გადაანაწილებს, სადაც საჭიროა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა ახლა უკრაინისთვის განაწილდება. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინელები „უზარმაზარი გამბედაობით“ განაგრძობენ ბრძოლას, თუმცა აღჭურვილობას კარგავენ. ტრამპის განცხადებით, სიტუაცია უნდა შეიცვალოს.
1tv.ge
