„ძალიან სახიფათო სიტუაციაა, რომ ტურისტების მოზღვავების ფონზე, აჭარამ უკუშედეგი არ მიიღოს“

ზაფხულის სეზონზე ტურისტებით განსაკუთრებით დაიტვირთა. მათი სიმრავლე იგრძნობოდა გზებზე, სხვადასხვა ობიექტის რიგებში თუ სანაპირო ზოლზე. აქტივობა შეიმჩნეოდა სხვა ზღვისპირა ქალაქსა თუ საქართველოს მთებში, მაგრამ განსაკუთრებულად დატვირთული სწორედ ბათუმი აღმოჩნდა. მაღალი აქტივობის გამო სხვადასხვა სახის პრობლემა შეიქმნა, გზებზე და კვების ობიექტებში, თუნდაც გასართბ სივრცეებში.
ბათუმის პოპულარობამ ქალაქს ერთგვარი პრობლემა შეუქმნა. დამსვენებლების მოზღვავებამ ყოველდღიური საცობები და ობიექტების გადატვირთვა გამოიწვია. ასეთი ქაოსის გამო კი, მომსახურება გაუარესდა. სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრა ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა მანანა ალადაშვილმა და განაცხადა, რომ ბათუმი არ იყო მზად ამხელა ნაკადისთვის.
“ტურისტების დიდ ნაკადს სხვადასხვა სახის პრობლემა ახასიათებს. იქნება ეს გზებზე საცობი, თუ ობიექტებში რიგებში. ეს არ არის გასაკვირი. ასე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ხდება.
გადატვირული ნაკადი ზღვრულ დატვირთვის მოშლას იწვევს. ზღვრული დატვირთვა გულისხმობს იმას, რომ ტერიტორიას აღარ აქვს გამტარუნარიანობა და ვერ უძლებს დიდი ნაკადის მიღებას. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ ხდება გამტარუნარიანობის პოტენციალის და ზღვრული დატვირთვის გათვალისწინება. ვიზიტორები უნდა გაიშალონ სხვადასხვა ტერიორიაზე, ბევრი აქტივობა უნდა არსებობდეს, რომ მხოლოდ ერთ ადგილას არ მოხდეს მათი კონცენტრაცია.
თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, წელს 28%-იანი ზრდა იყო ბათუმში. რეგიონი ჯერჯერობით მზად არ იყო ამხელა ნაკადისთვის. ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, მდგომარეობა გამოსწორდება, მაგრამ მთავარი პრობლემაა ის, რომ არ გვყავს პროფესიონალი და მომსახურე კადრები. რიგებია ობიექტებში, ვერ ხერხდება დროული მომსახურება, არ აქვთ გამოცდილება და ა.შ. საქართველოს ბევრი გაუცნობიერებული ტურისტი ჰყავს. ეს გულისხმობს იმას, რომ არ დგებიან რიგში და არ იცავენ წესრიგს. ესეც პრობლემებს ქმნის.
რაც შეეხება ქვეყნის მთიანეთს, სხვათა შორის, ბევრად უფრო კარგი სერვისი აქვს მესტიას, ვიდრე სხვა რეგიონებს. კოლეჯი ფუნქციონირებს მესტიაში და არ ვიცი, ძირითადად, სტუდენტები მუშაობენ, თუ რამ გამოიწვია მომსახურების ხარისხის ამაღლება.
ბაკურიანი მუდმივად ითხოვს მომსახურე პერსონალს. ორ კვირაზე მეტხანს კადრს ვერ ინარჩუნებენ. აქედან გამომდინარე, ამ კურორტზე ძალიან დაცემულია პროფესიონალიზმი”, – განუცხადა „რეზონანსს“ ალადაშვილმა.
გაუმართავი მომსახურების, გადაუმზადებელი კადრებისა თუ სხვა პრობლემების შესახებ არაერთი ტურისტი წერდა. შესაბამისად, კომპანია „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელის მაია მურაჩაშვილის მოსაზრებით, საკმაოდ სახიფათოა, რომ აჭარას დაგროვილი პოპულარობა სავალალოდ არ შემოუბრუნდეს.
„ბათუმს წელს ნამდვილად ბევრი დამსვენებელი მიაწყდა და ამას თავის მიზეზები აქვს. რამდენიმე წლის განმავლობაში ნაგროვებმა ცნობადობამ თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, ისე არ უნდა მოხდეს, რომ ეს პიარი და ხალხის ინტერესი შეეჩეხოს არასათანადო სერვისს, ხარისხს და გაუმართაობას.
ფასები საქართველოს ტურისტულ ადგილებში არ არის დაბალი, ბათუმი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი სიძვირით. შესაბამისი მომსახურების გაწევა კი ვერ ხერხდება. ჯერ ერთი, კადრების ნაკლებობაა. ამას ძალიან ბევრი ტურისტი წერს, მას შემდეგ რაც ბათუმიდან თავის ქვეყანაში ბრუნდებიან. ინფრასტრუქტურა, გადაადგილება, საცობები, გაძვირებული ფასები, რიგები რესტორანში, არასწორი და არასაკმარისი მომსახურება და სერვისი. სამწუხაროდ, მართლაც ძალიან სახიფათო მომენტია, რომ უკუშედეგი არ მიიღოს აჭარამ”, – განაცხადა მურაჩაშვილმა.
ვრცლად:resonancydaily.com

ასევე დაგაინტერესებთ