“ძალიან სამწუხარო იყო, რომ პოლიციელი ამდაგვარად პასუხობს” – რა მოხდა პროცესზე?

სინდისის 11 პატიმრის – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის დღევანდელ პროცესზე მოწმედ მიყვანილი გარდაბნის მე-4 სამმართველოს უფროსი, გიორგი ჯანიკაშვილი ვერ ამბობს, ვინ რა დაუშავა, თუმცა ადვოკაკების თქმით, პოლიციელი ამტკიცებდა, რომ ყველა ბრალდებულთან პრეტენზია აქვს.
“მან თქვა, რომ არ იცის, რეალურად ვინ ესროლა, მაგრამ თქვა, რომ კოლექტიურად ყველას მიმართ აქვს პრეტენზია. გარდა იმისა, რომ აფიქსირებდა საკუთარ პრეტენზიას, რომ ჩავეკითხეთ, მან თქვა, რომ არა, სხვა დღეებშიც რომ პოლიციელები დაზიანდნენ, იმაზეც პრეტენზია გვაქვსო. ძალიან სამწუხარო იყო, რომ პოლიციელი ამდაგვარად პასუხობს. მისი პოზიცია იყო გაბრაზებული ადამიანის პოზიცია და ჩვენ ვიცით, რომ მოწმე, მით უფრო პოლიციელი არ შეიძლება იყოს გაბრაზებული, რადგან ისინი ყველა ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას, სადაც შეიძლება ნებისმიერ დროს ნებისმიერი ექსესი მოხდეს”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.