„ძალიან რთულია კარგი კადრის პოვნა, რადგან ამ საქმეში მთავარი დეტალებზე ორიენტირებულობაა“ – რა ვითარებაა დასუფთავების ბიზნესში

ბოლო წლებში დასუფთავების ბაზარზე მომუშავე კომპანიების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. დალაგების სერვისით აქტიურად სარგებლობენ როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ფართების მფლობელები.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რომელი მიმართულებით უფრო მაღალია მოთხოვნა, როგორია სერვისების ფასები და რამდენად მარტივად ახერხებენ კომპანიები შესაბამისი კადრების მოძიებას.
როგორც კომპანია „დალაგება ჯი“-ს დამფუძნებელმა სალომე გვალიამ განაცხადა, მოთხოვნა საცხოვრებელი ფართების და კომერციული ფართების დალაგებაზე 50/50-ზეა. ასევე თანაბარია მოთხოვნა თბილისსა ბათუმში, სადაც კომპანიის სერვისი მოქმედებს.
რაც შეეხება მომსახურების ფასებს, მისი თქმით, ბაზარზე გაზრდილი კონკურენციიდან გამომდინარე, კომპანიას ფასის შემცირება მოუწია. გენერალური დასუფთავების ფასი 1 კვ.მ.-ზე სტანდარტულად მინიმუმ 3 ლარი, რემონტის შემდგომი დალაგების ღირებულება კი დაახლოებით 10 ლარია.
„ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, განსაკუთრებით თბილისში. ფასებიც შესაბამისად, უნდა იყოს მომხმარებლისთვის მისაღები, რათა შევძლოთ მუშაობა. ჩვენ შემთხვევაში, გასულ წლებში დასუფთავების ღირებულება მეტი იყო, დღეს კი სტანდარტული ფასი 1კვ.მ.-ზე 3 ლარი გვაქვს“, – აღნიშნა სოფო გვალიამ.
როგორც გაირკვა, ამ სფეროში კადრების შერჩევა მარტივი არ არის, რადგან როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, დეტალები მნიშვნელოვანია, რასაც ბევრი პრეტენდენტი ყურადღებას არ აქცევს.
„ყველას ვერ აიყვან. ახალგაზრდა და ენერგიულიც რომ იყოს, შეიძლება ამ სფეროში ვერ იმუშაოს. მთავარია, რომ კადრი იყოს დეტალებზე ორიენტირებული, ისე არ არის რომ ყველას შეუძლია დალაგება. დეტალები და წვრილმანები მნიშვნელოვანია, ამიტომ კადრების შერჩევა, ნაცნობი ადამიანებიდან გვიწევს. ჩემგან დამოუკიდებლად შერჩეულ კადრებთან სულ პრობლემები იყო შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით. მოკლედ, რთულია ამ სფეროში კარგი კადრის პოვნა.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ამ სფეროში მყოფმა ყველა ადამიანმა იცის, რომ გენერალური დასუფთავებისთვის 10:00-იდან 18:00 საათამდე გრაფიკში დაახლოებით 100 ლარი უნდა შესთავაზოს კადრს, რადგან ამაზე ნაკლებად ადამიანები არ თანხმდებიან მუშაობას“, – განმარტა სოფო გვალიამ.
კადრების აყვანის სირთულეზე საუბრობს ასევე კომპანია „ქათქათას“ დამფუძნებელი და დირექტორი მერაბ შაქარაშვილიც. როგორც მან აღნიშნა, გასულ წლებთან შედარებით, კომპანიის მომსახურებით სარგებლობა გაძვირებულია და ამჟამად ბაზარზე არსებული სტანდარტული ფასია, სერვისის გაძვირება კი კადრების შენარჩუნების მიზანმა განაპირობა.
„ამ სფეროში კადრების შერჩევა ძალიან რთულია. წესიერად მუშაობა არავის არ უნდა. სანდო კადრის პოვნა ძალიან რთულია. სანდოობაში იგულისხმება სტაბილურად მუშაობა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულება.
ჩვენთან 8-9 საათიანი შრომის ანაზღაურება მინიმუმ 70 ლარია. ეს თანხა რამდენიმე წლის წინ ნაკლები იყო, თუმცა მოგვიწია ხელფასების გაზრდა, კადრების შენარჩუნების მიზნით.
ასევე 20-30%-ით არის გაზრდილი სერვისის ღირებულებაც. ჩვენთან 1კვ.მ.-ის დასუფთავება 3 ლარი ღირს, რაც წინა პერიოდში ნაკლები იყო. ერთი სიტყვით მოგვიწია სერვისის ფასის ზრდა და კადრებისთვის ანაზღაურების მომატება, რათა შეგვენარჩუნებინა თანამშრომლები“, – განმარტა მერაბ შაქარაშვილმა.