„ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს – ჰიდროელექტროსადგურის 88 პროექტი გაჩერებულია“ – მაია მელიქიძე
„ჰიდროელექტროსადგურის 88 პროექტი გაჩერებულია,“ – „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA-ს) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განახლებადი ენერგიის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ ძალიან მდიდარი ვართ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით, მაგრამ ამის მიუხედავად არ ვართ თვითკმარი და მუდმივ რეჟიმში ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. წლიდან წლამდე იმპორტი 3-დან 5%-მდე იზრდება და ამას თავისი მიზეზები აქვს: ადამიანების საცხოვრებელი პირობები უმჯობესდება და ამ ყველაფერს სჭირდება ენერგია. ამასთან, როდესაც ტექნოლოგიურ პროგრესზე ვსაუბრობთ, ელექტროენერგიის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მაგრამ ის ტემპი, რომელიც ქვეყანას აქვს, არის ნელი, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება რეგიონში,“ – განაცხადა მაია მელიქიძემ.
მისი თქმით, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰიდროენერგეტიკა, თუმცა ამ ეტაპზე 88 პროექტი შეჩერებულია.
„ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უამრავი პროექტია გაჩერებული. ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰიდროენერგეტიკა. ჩვენ გვაქვს 100-წლიანი გამოცდილება ამ მიმართულებით და ეს ბევრ ქვეყანას არ აქვს. გვყავს პროფესიონალები. ის, რომ ამ სფეროში მძიმე მდგომარეობაა, რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული: ცნობიერების დაბალი დონე, კომუნიკაციის პრობლემა – ყველაფერს ინვესტორი ვერ გააკეთებს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების როლია უმნიშვნელოვანესი. ბევრი არაპოპულარული კითხვაა ამ თემასთან დაკავშირებით…
დღეს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის 88 პროექტია გაჩერებულია, ეს არის ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებელი. ინვესტორები, რომლებსაც ჰიდროში უნდა განეხორციელებინათ ინვესტიციები, გადავიდნენ მზეზე. კარგია, რომ მათ საერთოდ არ დატოვეს სექტორი და მოახდინეს დივერსიფიკაცია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დროებითია და არ გავზრდით იმპორტდამოკიდებულებას, ეს სერიოზული გამოწვევა იქნება,“ – აღნიშნა მაია მელიქიძემ.
მისი თქმით, აუცილებელია ნამახვანის, ნენსკრას, ხუდონჰესის აშენება, რადგან მათ გრძელვადიანი სარგებელი ექნება.
„უნდა ავაშენოთ ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი – ეს საჭიროა. მოსახლეობისაც მესმის, როდესაც კითხვას სვამს: „მე რა?“, მაგრამ ჩვენ გვაქვს კანონპროექტი, რომლითაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ ეს არის გრძელვადიანი სარგებელი, წლიდან წლამდე კონკრეტული თანხა ექნებათ, რომელიც მათი ინტერესების დაცვას მოხმარდება, ეს იქნება სკოლა, ბაღი, გზა, წყალგაყვანილობა და ა.შ. სწორედ ეს არის დეცენტრალიზაცია,“ – განაცხადა მელიქიძემ.
www.bpn.ge
