„ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთავრობათა სამიტში ჩვენი მონაწილეობა“ – ლევან დავითაშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთავრობათა სამიტში ჩვენი მონაწილეობა“ – ლევან დავითაშვილი
ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთავრობათა სამიტში ჩვენი მონაწილეობა, სამიტის პარალელურად უამრავი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა მთავრობის ხელმძღვანელებთან, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 30-ზე მეტი ქვეყნის მეთაური მონაწილეობდა სამიტში და საქართველოს დელეგაციას მიეცა საშუალება, სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან ჰქონოდა შეხვედრები და მსჯელობა გამართულიყო თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარების მიზნით ეს ვიზიტი, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელიც ამ ქვეყანასთან გაგვაჩნია, ასევე დაგეგმილ და პერსპექტიულ პროექტებზე, რომლებსაც ერთობლივად განვავითარებთ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ქვეყანაში დამატებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან სხვადასხვა სფეროში, ეს იქნება როგორც უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია ჩვენთვის სპარსეთის ყურე და ამიტომ ტურისტული კავშირების გაღრმავების მიმართულებით ძალიან სასარგებლო შეხვედრები გაიმართა, რომელიც ვფიქრობ, შედეგს გამოიღებს და ტურისტული ნაკადი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 2025 წელს საქართველოში გაიზრდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს