წარმოშობით ქართველ და რუსეთის სახელით მოასპარეზე გროზნოს “ახმატის” 28 წლის შემტევ გიორგი მელქაძეს რუსეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.
მან კრასნოდარში ნიკარაგუასთან ამხანაგურ დაპირისპირებაში ბოლო 24 წუთი ითამაშა, შეხვედრა კი მასპინძლის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ მელქაძე რუსულ მედიას ესაუბრა და დებიუტით ძალიან ბედნიერი გახლდათ.
“ძალიან გახარებული ვარ. შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ და აღიარებას განიჭებენ. ნიკარაგუასთან, რომ ვითამაშებდი, ამის შესახებ არავის უთქვამს.
მეტოქე იმაზე 100%-ით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდით. ტრიბუნაზე ფანტასტიური ატმოსფერო იყო. ერთი სიტყვით, ყველაფერი უმაღლესი დონისაა – სტადიონი, საწვრთნელი ცენტრი და გულშემატკივრები”, – თქვა მელქაძემ.
შეხსენებისთვის, 2022 წელს მელქაძე სურვილს გამოთქვამდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა. აი, რას ამბობდა მაშინ ის:
“საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობ და მსგავსი აზრი დაახლოებით 24 წლის ასაკში გამიჩნდა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ჯერ საუბარი არ მქონია. კარგ ფორმაში ვარ, ფეხბურთელს კი კარგ ფორმაში ყოფნა და მაღალ დონეზე ასპარეზობა რამდენიმე წელი შეუძლია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ამ პერიოდში ნაკრებში ვთამაშობდე, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც”.
მელქაძე 2024 წელს ერთი სეზონით ფოთის “კოლხეთში” ასპარეზობდა, თუმცა მას საქართველოში თამაში ძალიან ცუდად ახსოვს და რამდენიმე კვირის წინ Championat-თან ინტერვიუში საქართველოს ჩემპიონატზე და აქ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
”
“საქართველოში უნდა იცხოვრო, ივარჯიშო და ჭამო, რათა ფეხბურთელმა მიხვდე, თუ სად იმყოფები. იმ პირობებში სხვაგვარად იაზრებ და აფასებ, თუ რა გქონდა მანამდე. და ახლა როცა “ახმატში” რომელიმე ფეხბურთელი დაიწუწუნებს, მე მაშინვე ვეუბნები: “გინდა საქართველოში გაგიშვა?”
საქართველოში საფეხბურთო პირობებიც საშინელია. საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ სურვილი და მისწრაფება იმ დონეზე ვერა. თუმცა რომც გამოჩნდეს ასეთი ფეხბურთელი, იმ პირობებში ძალიან გაუჭირდება.
რუსეთში თამაშის მერე წავედი საქართველოში, ფოთის “კოლხეთში”. მაგრამ იქ ერთი წელი ძალიან დიდი დროა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა ყველაფერს მივმხვდარიყავი. მერე დავბრუნდი და აგენტის გარეშე მივწერე სხვადასხვა კლუბებს. ვკითხულობდი, ვის შეეძლო ჩემი გასინჯვა. “ახმატი” დამთანხმდა და აი, აქ ვარ.
საქართველოში შეგნებულად წავედი. ეს იყო ცხოვრების სკოლა, საკუთარი თავი გამოვცადე. ჩემში მოხდა მენტალური გარდაქმნა. ფიზიკურად არ შევცვლილვარ, მხოლოდ ერთი წლით დავბერდი” – აცხადებს მელქაძე რუსულ პრესასთან.