ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, მენტალური, სექსუალური, ფიზიკური ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა შეეძლებათ.
ამავე გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ ისინი ლტოლვილის სტატუსისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, მაინც შეეძლებათ სახელმწიფო დაცვის პროგრამაში მოხვდნენ, იმ შემთხვევაში თუ მათი მოკვლის ან მათზე ძალადობის რეალური რისკი არსებობს.
სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ქურთი წარმოშობის თურქი ქალის საქმეზე მიიღო, რომელიც თავშესაფარს ბულგარეთში ითხოვდა.
ქალი ამბობდა, რომ იგი ოჯახმა ძალდატანებით გაათხოვა და ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა თუ ოჯახი თურქეთში დააბრუნებდა.
ბულგარეთის სასამართლომ საქმე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადააბარა, რომელმაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების წესში (დირექტივა 2011/95) ცვლილება შეიტანა და განმარტა, რომ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა ძალადობის მსხვერპლ ქალებსაც შეეძლებათ.
მანამდე არსებული კანონმდებლობით, ლტოლვილის სტატუსის მიღება შეეძლოთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში სდევნიდნენ რასის, რელიგიის, ეროვნული ნიშნის, პოლიტიკური მოსაზრების, ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. სახელმწიფო დაცვის პროგრამაში მოხვედრა კი შეეძლოთ ადამიანებს, რომლებიც ლტოლვილის სტატუსის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ, მაგრამ ამავდროულად ამტკიცებდნენ, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში მართლაც ემუქრებოდათ საფრთხე.
სასამართლოს ახალი დადგენილებით კი ზემოთ აღნიშნული დირექტივის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს და ქალთა მიმართ ძალადობაც ჩაითვალოს როგორც დევნის ერთ-ერთი ფორმა. შესაბამისად, მათ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა შეეძლებათ.
